საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოსა და გერმანიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე დღეს საქართველოში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ჰუბერტ ქნირშისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვედრაზე იმსჯელეს.

შეხვედრა „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს“ ინიციატივით გაიმართა და მასში საბჭოს წევრი კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს“ გენერალური მდივნის, ზვიად ჭუმბურიძის განცხადებით, ქართულ-გერმანულ ბიზნესურთიერთობებს დიდი პერსპექტივა აქვს.

ამასთან, მისი თქმით, ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ, როგორც ტურიზმის, ისე სამრეწველო სექტორში.

„ეს „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს“ ტრადიციული შეხვედრაა ევროპულ საელჩოებთან. გერმანიის ელჩთან ქვეყნებს შორის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე ვსაუბრობთ. ჩვენ 2016 წელს ბერლინში საკმაოდ დიდი ბიზნეს ფორუმი გავმართეთ და ახლა მიუნხენში ვგეგმავთ. ასეთი ტიპის შეხვედრები ხელს უწყობს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას.  ქართულ-გერმანულ ბიზნესურთიერთობებს პერსპექტივა ნამდვილად აქვს. მაგალითად ტურიზმის სექტორი რომ განვიხილოთ,  გერმანელებს საკმაოდ დიდი ინტერესი აქვთ და ქვეყნებს შორის პირდაპირი რეისები ამის დასტურია. ასევე მნიშვნელოვანია ინდუსტრიული სფერო, კომპანია „ჰაიდელბერგ ცემენტი” აქტიურად და წარმატებით მუშაობს საქართველოში“, – განაცხადა ჭუმბურიძემ.

„ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს“ ხელმძღვანელის თქმით, საბჭოს სურვილია, რომ ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში მსგავსი ტიპის მეტი პროექტი განხორციელდეს.