საქართველოში გერმანიის ელჩი - ჩვენ ვზღუდავთ ურთიერთობებს რუსეთთან, არ ვიწყებთ ურთიერთობის ახალ თავს, პირიქით, ვხურავთ, ეს არის ის ჩარჩოები, რომლიდანაც ვუყურებთ რუსეთთან ფრენების აღდგენას
საქართველოში გერმანიის ელჩი - ჩვენ ვზღუდავთ ურთიერთობებს რუსეთთან, არ ვიწყებთ ურთიერთობის ახალ თავს, პირიქით, ვხურავთ, ეს არის ის ჩარჩოები, რომლიდანაც ვუყურებთ რუსეთთან ფრენების აღდგენას

ჩვენი ამოცანაა, შევაფასოთ, რა პოზიცია უჭირავს საქართველოს ევროკავშირის მიმართ მიმდინარე წლის დეკემბერში მისაღებ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, 2023 წლის დეკემბერში დიდი ისტორიული შესაძლებლობაა საქართველოსთვის და ასევე ევროკავშირისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.

როგორც საქართველოს პირველ არხს გერმანიის ელჩმა განუცხადა, პროცესი მოიცავს 12 რეკომენდაციის შესრულებას და ასევე იმას, თუ როგორ უყურებს საქართველო ევროკავშირის მიზნებს, ღირებულებებს და, მთლიანობაში, ქვეყნის საგარეო პოლიტიკას.

„ამჟამად ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთმა წამოიწყო უკრაინის წინააღმდეგ არალეგალური თავდასხმითი ომი და ამიტომ ჩვენ ვზღუდავთ ჩვენს ურთიერთობებს რუსეთთან. ჩვენ არ ვიწყებთ რუსეთთან ურთიერთობის ახალ თავს, პირიქით, ვხურავთ, რათა რუსეთს დავანახოთ, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს. ომს თუ არ დაასრულებს, ფასის გადახდა მოუწევს. ეს არის ის ჩარჩოები, რომლიდანაც ვუყურებთ ფრენების აღდგენას“, – განაცხადა ელჩმა.