საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 6.3 პროცენტით შემცირდა
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 6.3 პროცენტით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 6.3 პროცენტით შემცირდა და 281.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ინვესტიციების შემცირების ორი მთავარი მიზეზია დასახელებული: მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება და რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლა.

ამავე მონაცემებით, 2019 წლის პირველ კვარტალში უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სათავეშია ირლანდია – 133 მილიონი დოლარი, მეორე ადგილზეა გაერთიანებული სამეფო – 42,4 მილიონი დოლარი, ხოლო მესამეზე აშშ – 22,5 მილიონი დოლარი.

ყველაზე მეტი ინვესტიცია კომუნალური, პერსონალური და სოციალური მომსახურების სფეროში განხორციელდა – 139,8 მილიონი დოლარი. იმ დარგებში (საფინანსო სექტორი, ტრანსპორტი, მშენებლობა), რომლებიც წლების განმავლობაში უცხოური ინვესტიციების მოცულობით ლიდერობდნენ, უცხოური კაპიტალის დაბანდების მკვეთრი შემცირება დაფიქსირდა. კერძოდ, საფინანსო სექტორში პირველ კვარტალში, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინვესტიციები 33,6 მილიონი დოლარით 42,7 მილიონ დოლარამდე შემცირდა, ტრანსპორტში – 87,4 მილიონი დოლარით 28,6 მილიონ დოლარამდე, სამშენებლო სექტორში – 46,1 მილიონი დოლარით 8,4 მილიონ დოლარამდე.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა სასტუმროსა და რესტორნების სექტორში 18,3 მილიონი დოლარით 25,4 მილიონ დოლარამდე, დამამუშავებელ მრეწველობაში – 8 მილიონი დოლარით 21 მილიონ დოლარამდე.