საქართველოში გაერო-ს სააგენტოები - საქართველოს მთავრობა იმსახურებს შექებას კორონავირუსის პრევენციისთვის მყისიერად გატარებული ღონისძიებების გამო
საქართველოში გაერო-ს სააგენტოები - საქართველოს მთავრობა იმსახურებს შექებას კორონავირუსის პრევენციისთვის მყისიერად გატარებული ღონისძიებების გამო

საქართველოს მთავრობა იმსახურებს შექებას კორონავირუსის პრევენციისთვის მყისიერად გატარებული ღონისძიებების გამო, – ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს სააგენტოების განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც კორონავირუსისა და მის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობის გამო ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან მჭიდრო კოორდინაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განახორციელა კონკრეტული ზომები კორონავირუსის პირველი შემთხვევების გამოსავლენად, შესაფასებლად, შესაკავებლად და სამკურნალოდ, აგრეთვე დაინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირების გამოსავლენად, რასაც თან ახლავს რეგულარული და გამჭვირვალე კომუნიკაცია საზოგადოებასთან, მაღალი რისკის ჯგუფებზე ფოკუსირებით.

„საქართველოს მთავრობა ასევე იმსახურებს შექებას ქვეყანაში კორონავირუსის პირველი გამოვლენილი შემთხვევების შესახებ საზოგადოების დროულად ინფორმირებისთვის. საჭიროა, გაგრძელდეს საზოგადოებისთვის დროული, ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, რადგან ეს გადამწყვეტია მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების ზომების მისაღებად და საზოგადოების ნდობის ასამაღლებად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არასწორი ინფორმაციის გავრცელების საპირწონედ, რომელსაც ადგილი აქვს, სოციალური მედიის თუ სხვა საშუალებებით.

იმის გათვალისწინებით, რომ კორონავირუსი ახალი დაავადებაა, გასაგებია, რომ მისმა გაჩენამ და გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს დაბნეულობა, შფოთვა და შიში. მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ ამ ფაქტორებმა შეიძლება დისკრიმინაციული მიდგომები წარმოქმნას. ასეთმა ბარიერებმა შესაძლოა, ხელი შეუწყოს უფრო მწვავე პრობლემებს დაავადების გავრცელებისა და კონტროლის მხრივ. სტიგმამ შეიძლება აიძულოს ადამიანები დამალონ თავიანთი დაავადება დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად; ხელი შეუშალოს სამედიცინო დახმარებაზე მიმართვიანობას და სწორ ქცევას“,- აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოში გაერო-ს სააგენტოები მოუწოდებენ მთავრობას, განაგრძონ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც იქნება ადვილად გასაგები და ადაპტირებული ენობრივი უმცირესობებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, მათ შორის უსინათლოებისა და სმენადაქვეითებულთა მოქალაქეებისთვის.

„საინფორმაციო კამპანიამ უნდა მოიცვას სასჯელაღსრულების ადგილებში მყოფი პირები, როგორც პატიმრები, ასევე ციხის პერსონალი.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მზად არის, განაგრძოს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა დაავადების წინააღმდეგ რეაგირებასა და ბრძოლაში. კორონავირუსთან დაკავშირებით უახლოესი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ www.who.int, სადაც ასევე განთავსებულია ყოველდღიურად განახლებადი ინფორმაცია ქვეყნებში მიმდინარე მდგომარეობის შესახებ.

სასარგებლო ცხელი ხაზები და ბმულები

მთავრობის ცხელი ხაზები:

ჯანდაცვის სამინისტრო: 1505 (24/7)

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი: 11601 (გადამისამართებულია 1505 ხაზზე არაოპერატიული საათების განმავლობაში)

ჯანმოს კორონავირუსის დაავადების (COVID-19) ვებსაიტი:

https://www.who.int/emergencies/diseases/novel-coronavirus-2019

https://www.who.int/emergencies/diseases/novel-coronavirus-2019/situation-reports

http://who.maps.arcgis.com/apps/opsdashboard/index.html#/c88e37cfc43b4ed3baf977d77e4a0667“,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში გაერო-ს სააგენტოები ავრცელებენ.

დატოვე კომენტარი