საქართველოში გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი ლუიზა ვინტონი დღეს ფოთს ეწვია
საქართველოში გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი ლუიზა ვინტონი დღეს ფოთს ეწვია

საქართველოში გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი და გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი დღეს ფოთს ეწვია.

გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს ფოთის მერის მოადგილეები კონსტანტინე თოფურია და მამუკა პაპასკირი, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ინგა მასხულია შეხვდნენ.

„დღეს გვქონდა გაცნობითი ხასიათის ლუიზა ვინტონთან, გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში, რომელიც ჩართულია ჩვენს ქვეყანაში მთელი რიგი პროექტების განხორციელებაში. ერთმანეთს გავუზიარეთ საკითხები, რაზეც შეგვიძლია, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ. საუბარი შეეხო გაერო-ს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის პროექტის, ,,მწვანე ქალაქების“ გამოცდილების გაზიარებას. მჯერა, ჩვენი ურთიერთობები უფრო მყარი და ინტენსიური გახდება“, – განაცხადა ფოთის მერის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინე თოფურიამ.

შეხვედრის მიზანი კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის პროგრამის გაცნობა, საქალაქო ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების მიმართულებით ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა იყო.

ლუიზა ვინტონი ფოთს გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებთან, ნინო ანთაძესა და ლაშა ნაკაშიძესთან ერთად სტუმრობდა.