საქართველოში ფასიანი ქაღალდების ახალი, ცენტრალიზებული სისტემა ამოქმედდა
საქართველოში ფასიანი ქაღალდების ახალი, ცენტრალიზებული სისტემა ამოქმედდა

საქართველოში ფასიანი ქაღალდების ცენტრალიზებული სისტემა (Georgian Securities Settlement System – GSS System) ამოქმედდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ახალი სისტემა ფინანსური ბაზრის როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო მონაწილეებს მაღალი სტანდარტების სრულფასოვან მომსახურებას შესთავაზებს. ფასიანი ქაღალდებით ტრანზაქციები უფრო სწრაფი, იაფი, მოსახერხებელი და სრულად დაცული იქნება. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების ავტომატიზებული სისტემა ეროვნულ ბანკში 2010 წლიდან ფუნქციონირებს. რამდენიმე დღის წინ კი, ამ სისტემის თვისებრივად განახლებული ვერსია ამოქმედდა და შესაძლებელია, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ფასიან ქაღალდებით ვაჭრობა. ახალი სისტემა ეროვნული ბანკისა და თბილისის საფონდო ბირჟის ერთობლივი პროექტია, რომელიც ქართული კაპიტალის ბაზრის ტრანსფორმაციას ისახავდა მიზნად.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, ახალი სისტემა ფასიანი ქაღალდებით ურისკო, სწრაფ და უსაფრთხო ოპერაციებს უზრუნველყოფს. ოპერაციების ავტომატიზებულობა ნაკლებ დროს და ადამიანურ რესურსს საჭიროებს, რაც მომსახურების ტარიფებს ამცირებს.

ახალი სისტემა ეროვნული ბანკის სერვერებზე განთავსდება და მის უწყვეტ ფუნქციონირებასა და დაცულობას ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს. ფულადი ანგარიშსწორება ეროვნული ბანკის კიდევ ერთი სისტემის – RTGS-ის საშუალებით მოხდება. აღნიშნული კი, ფულადი და ფასიანი ქაღალდების სინქრონულ დასრულებას უზრუნველყოფს, რაც ე.წ. DvP ტიპის ურისკო ანგარიშსწორების გარანტიაა.

GSS სისტემა ისეთ თანამედროვე მიდგომებს მოიცავს, როგორიცაა ლიკვიდობის მართვის ეფექტიანი მექანიზმები, ნაწილობრივი გადახდები, საპირისპირო ტრანზაქციების გაქვითვა (ნეტ ანგარიშსწორების პრინციპით), ავტომატური დაგირავების და დღის შიდა სესხების მოქნილი მექანიზმები. GSS სისტემაში კომერციულ ბანკებთან ერთად საბროკერო კომპანიებიც ჩაერთვებიან. სისტემა ინტეგრირებული იქნება როგორც საფონდო ბირჟის ახალ, ასევე ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმებთან, რაც ვაჭრობის და ანგარიშსწორების ავტომატიზაციას უზრუნველყოფს. შედეგად კი, გარიგების დადებიდან მის ანგარიშსწორებამდე მხოლოდ რამდენიმე წუთი იქნება საჭირო.

„ეროვნული ბანკი დიდ ყურადღებას უთმობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას. ვაკეთებთ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, ვმუშაობთ ახალი კანონების შექმნასა და ძველის განახლებაზე, დიდ დროს და ენერგიას ვხარჯავთ ფინანსურ განათლებაზე. 2010 წელს ეროვნულ ბანკში დაინერგა ფასიანი ქაღალდების და ფულით ანგარიშსწორების თანამედროვე სისტემები სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებისთვის. ამ სისტემის დანერგვამ მნიშვნელოვანი გარღვევა მოახდინა საქართველოში სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაზე. გვსურს განვაცხადოთ, რომ ახალი სისტემა წარმატებით დაინერგა და 3 დეკემბრიდან გარიგებები ამ სისტემის მეშვეობით ხორციელდება. ახალი სისტემა ბაზრის მონაწილეებს სრულიად ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. ბროკერებს შეეძლებათ, თანაბრად, მარტივად ივაჭრონ როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით და დადებული გარიგებების ანგარიშსწორება ელექტრონული ფორმით, სწრაფად და დაცულად განახორციელონ“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

მისი თქმით, ახალი სისტემა, სხვა თანმდევ რეფორმებთან ერთად, საქართველოში ფინანსური ბაზრების განვითარებას დააჩქარებს.

ამასთან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ახალი სისტემის დანერგვით, მოქმედი პროცედურები და ანგარიშსწორების წესები შეიცვლება და თანამედროვე პრინციპებს დაეყრდნობა. ინვესტორების ფასიანი ქაღალდები უფრო საიმედოდ იქნება დაცული და საჭიროებისამებრ მათი ფულად გადაქცევა, გაყიდვის, დაგირავების ან რეპო ოპერაციების გზით უფრო ადვილი და მოსახერხებელი გახდება. ეს კი, როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინვესტორებისთვის ქართული კაპიტალის ბაზრის მიმზიდველობას გაზრდის.