საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განთავსებიდან 10 წელი შესრულდა
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განთავსებიდან 10 წელი შესრულდა

ზუსტად ათი წლის წინ, 2008 წლის პირველ ოქტომბერს, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში განთავსდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომლის მანდატიც ითვალისწინებს 2008 წლის 12 აგვისტოს საქართველოსა და რუსეთს შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების მონიტორინგს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მისია თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს კონფლიქტის ესკალაციის პრევენციის კუთხით და ღირებული წვლილი შეაქვს ადგილზე სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში, მიუხედავად იმისა, რომ მონიტორებს, რომელთა მანდატიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება, დღემდე შეზღუდული აქვთ წვდომა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია წარმოადგენს ერთადერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მექანიზმს საქართველოში, რომელსაც მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ, მათ შორის, რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ფაქტებზე საერთაშორისო თანამეგობრობისათვის სანდო და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მათივე თქმით, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება მისიის მანდატის გაგრძელების შესახებ ისევე, როგორც წევრი ქვეყნების კონტრიბუცია მისიის ეფექტიანად მუშაობის უზრუნველსაყოფად ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება, ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიღწევა წარმოადგენს ევროკავშირის მნიშვნელოვან პრიორიტეტს.