საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მანდატი კიდევ ორი წლით გაუგრძელდა
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მანდატი კიდევ ორი წლით გაუგრძელდა

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მანდატი 2020 წლის დეკემბრამდე გაუგრძელდა. ამის შესახებ EUMM-ის ხელმძღვანელმა „მოამბესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ერიკ ჰოგის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად EUMM-ი ერთადერთი სადამკვირვებლო მექანიზმია რეგიონში, ევროკავშირმა უნდა იზრუნოს, რომ მანდატი არ შეწყდეს. მისივე თქმით, უკვე არსებობს პოლიტიკური დონის შეთანხმება, რომლითაც მისია დამატებით ორი წლით იმუშავებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში.

„ჩვენ ამჟამად მანდატის გაგრძელების პროცესში ვიმყოფებით. წარმოვადგენთ ევროკავშირის მისიას, ეს კი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილია. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა იზრუნონ ჩვენი მანდატის გაგრძელებაზე. მსგავსი მისიის მანდატი, როგორც წესი, გრძელდება ერთიდან ორ წლამდე. ჩვენ შემთხვევაში, არსებობს პოლიტიკური დონის შეთანხმება, რომ მისია გავაგრძელოთ დამატებითი ორი წლით, 2020 წლის დეკემბრამდე. ვფიქრობ, მუშაობას იმავე ძალებით გავაგრძელებთ, 320 დამკვირვებლით, რომელთაგან ორი-მესამედი ევროკავშირს, ერთი-მესამედი კი ქართველ კოლეგებს წარმოადგენენ, რომლებიც გვეხმარებიან სხვადასხვა ფუნქციებში.

მიხარია, რომ მყავს 26 ევროკავშირის წევრი ქვეყნის წარმომადგენელი გუნდში. ჩვენ გვაქვს ბევრი ვალდებულება, რაც, თავის მხრივ, აჩვენებს პოლიტიკური და ეკონომიკური დონის ჩართულობას, მათ შორის კონკრეტული ბიუჯეტითა თუ მისიისთვის მაღალი კვალიფიკაციის პერსონალის გამოგზავნით. ვფიქრობ, ეს საბოლოოდ აჩვენებს, რომ ევროკავშირის დედაქალაქები იაზრებენ, რატომ ვართ განსხვავებული შემთხვევა და რატომ უნდა დავრჩეთ აქ, როგორც ერთადერთი მონიტორინგის მისია ადგილზე“, – აღნიშნავს ერიკ ჰოგი.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში მუშაობას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან ორი თვის თავზე, პირველ ოქტომბერს, 200-კაციანი შემადგენლობით შეუდგა, მას შემდეგ რაც ევროკავშირის შუამავლობით ხელი ექვსპუნქტიან შეთანხმებას მოეწერა. მისიის ამოცანა საომარი მოქმედებების განახლების თავიდან აცილების უზრუნველყოფა, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ადმინისტრაციული საზღვრების მიღმა მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხო და ნორმალური პირობების ხელშეწყობა, ნდობის აღდგენა და რეგიონის შესახებ ევროპული პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურების ინფორმირებაა.

„10 წელია, რაც საქართველოში ვართ, ამ დროის განმავლობაში გვქონდა წარმატებებიც და წარუმატებლობებიც. ვხედავთ ბევრ შემაშფოთებელ ფაქტს, თუმცა ვფიქრობ, რიგ შემთხვევებში, მაინც ვახერხებთ კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების ცხოვრება მარტივი გავხადოთ, რადგან შექმნილი პრობლემები პირდაპირ მათ შეეხოთ. ვცდილობთ, ამ ადამიანებს ჰქონდეთ წვდომა თავიანთ მიწებთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან, ასევე საირიგაციო სისტემასთან. ჯერ კიდევ არსებობს მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც უნდა გადაიჭრას, უფრო მეტი თანამშრომლობის იმედი გვაქვს, თუმცა ზოგ საკითხთან მიმართებით ჩვენ ვეხმარებით შედგეს ადგილობრივი შეთანხმებები, რომ მაგალითად ადამიანებმა ორივე მხარეს მოახერხონ მიწების კულტივირება, მიიღონ კარგი მოსავალი და უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა შეიქმნან.

მიუხედავად პოლიტიკისა, არსებული პრობლემებისა და კონფლიქტური დინამიკისა, დიალოგი უნდა შედგეს. სწორედ ამას ვაკეთებთ ერგნეთში IPRM-ის შეხვედრებზე თუ ცხელი ხაზის მეშვეობით. დიალოგი ნდობის განმტკიცებას ემსახურება“, – აღნიშნავს ერიკ ჰოგი.