საქართველოში ევროკავშირის 19 წევრი ქვეყნის წარმომადგენლები ევროპის დღესთან დაკავშირებით ერთობლივ ვიდეოგზავნილს ქართულ ენაზე ავრცელებენ

საქართველოში ევროკავშირის 19 წევრი ქვეყნის წარმომადგენლები და პარტნიორები ევროპის დღესთან დაკავშირებით ერთობლივ ვიდეოგზავნილს ქართულ ენაზე ავრცელებენ.

ვიდეოგზავნილს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.

„გამარჯობა, საქართველო! დღეს ჩვენ ევროპის დღეს აღვნიშნავთ. ევროპის დღე თანამშრომლობას ნიშნავს. ევროკავშირის ფარგლებში თანამშრომლობამ მოგვცა შესაძლებლობა, შეგვექმნა სტაბილური, წარმატებული ერთობა, რომელიც მსოფლიო ლიდერია ისეთ წამყვან სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, გარემოს დაცვა თუ ციფრული ტექნოლოგიები.

დღეს, საქართველოში, ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობასაც ვზეიმობთ. საქართველო და ევროკავშირი მჭიდრო პარტნიორები არიან. ჩვენ საქართველოს მთავარი მხარდამჭერები ვართ პანდემიასთან ბრძოლაში. ჩვენ საქართველოს გადავეცით სამედიცინო აღჭურვილობა და ცოდნა, დავეხმარეთ ვაქცინების მიღებაში და ვეხმარებით ვაქცინაციის პროცესში, გავუწიეთ ფინანსური დახმარება სოციალური მხარდაჭერის და ეკონომიკის აღდგენისათვის. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ყველა სფეროს აღდგენასა და განვითარებაში. თანამშრომლობას მოაქვს სიძლიერე.

ჩვენ, „ევროპის გუნდის“ წევრები, ერთად უფრო ძლიერები ვართ და ჩვენი შრომის შედეგიც უკეთესია. საქართველოსთან, როგორც პარტნიორთან ერთად, ევროკავშირი უფრო ძლიერია. საქართველო უფრო ძლიერია ევროკავშირთან ერთად! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს!“,- აცხადებენ ევროპის გუნდის წარმომადგენლები.

დატოვე კომენტარი