საქართველოში „ევრაქსესის“ წარმომადგენლობა - „ევრაქსეს ჯორჯია“ ფუძნდება
საქართველოში „ევრაქსესის“ წარმომადგენლობა - „ევრაქსეს ჯორჯია“ ფუძნდება

საქართველოს ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ, „ევრაქსესის“ წარმომადგენლობა – „ევრაქსეს ჯორჯია“ ფუძნდება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს მჭიდრო ინტეგრირებას ევროკავშირის სამეცნიერო-კვლევით სივრცეში და ქვეყნის უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის თებერვლიდან „ევრაქსესის“ პლატფორმაზე გაჩნდება საქართველოს დროშა, რომლის ქვეშ განთავსდება ინფორმაცია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მიმდინარე პროექტებისა და კონკურსების შესახებ.

ქართველ მეცნიერებს ასევე, ექნებათ პირდაპირი წვდომა ევრაქსესის წევრ 40-ზე მეტი ქვეყნის სამეცნიერო ფონდებსა და მრავალმილიონიან კვლევით პროექტებზე, მათ შორის პროგრამა “Horizon 2020“-სა და მის ქვეპროგრამებზე. პლატფორმაზე ინტეგრაციისთვის ევროკომისიის მიერ გამოყოფილია გრანტი 200 000 ევროს ოდენობით.

გარდა ამისა, ქართველ მეცნიერებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ Horizin-Europe- ის სამეცნიერო პოლიტიკის შემუშავებაში, რაც სამომავლოდ გააუმჯობესებს მათი კვლევების შედეგებსა და ხარისხს. პორტალ „ევრაქსეს ჯორჯია“ ინფორმაცია განთავსდება ქართულ, ინგლისურ და აფხაზურ ენებზე. შესაბამისად, აფხაზ მეცნიერებს შეეძლებათ მასშტაბურ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა საქართველოს სახელით მიიღონ.

საქართველო ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაცია „ევრაქსესის“​ წევრი ოფიციალურად მიმდინარე წლის 24 სექტემბერს გახდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი ბრიუსელში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა ზვიად გაბისონიამ და ევროპული კომისიის კვლევებისა და ინოვაციების გენერალური დირექტორის მოადგილე პატრიკ ჩაილდმა მოაწერეს.