საქართველოში დღეს კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. როგორც საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ქვეყანაში ამ დრომდე ლაბორატორიული 25 შემთხვევაა გამოვლენილი.
„ჩვენს ლაბორატორიაში დავიწყეთ დეცენტრალიზება. კვლევების ვატარებთ უკვე ქუთაისში, ბათუმში და თავისთავად ლუგარში. დღეს, ამ ეტაპამდე დაახლოებით 35-მდე ნიმუში იქნა გატესტილი ამ სამივე წერტილში და ყველა ნიმუში საბედნიეროდ უარყოფითია. თუმცა, ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული ნიმუში გახლავთ კვლევაში“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში 43 პაციენტი იმყოფება მეთვალყურეობისა და მკურნალობის ქვეშ, რომელთაგან დადასტურებულია 22 შემთხვევა.
„როგორც გითხარით, გუშინ, დღეს დილას, დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 20 პაციენტზე ტესტირება და 20-ივე პასუხი იყო უარყოფითი. დღეს დილას აღებულ იქნა 11 ნიმუში, რომლის პასუხებს ახლა ველით. დღის მეორე ნახევარში აღებულ იქნა კიდევ შვიდ პაციენტზე. ვნახოთ, შედეგები ალბათ მალე იქნება“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
მისი თქმით, ყველა პაციენტის მდგომარეობა უცვლელია, არც ერთის არ გაუარესებულა და პროგრესი არც ერთ პაციენტთან არ განვითარებულა.
„ერთთან პნევმონია ამ ეტაპზე საშუალოზე მძიმეა. მეორეს შემთხვევაში საშუალო სიმძიმის და დანარჩენ ხუთ პაციენტთან პნევმონია მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება. თუ ჩვენი ქვეყანა გვიყვარს, თუ ჩვენი მოსახლეობა გვიყვარს და პატივს ვცემთ, თხოვნით მივმართავ ყველას, როგორმე მოვახეროთ, რომ ამ შვიდი ქვეყნიდან დაბრუნებულმა პირებმა თვითიზოლაციაში ორი კვირის განმავლობაში მოახერხონ ყოფნა, რომ გარესამყარისთან ურთიერთობა არ გააგრძელონ“, – დასძინა მარინა ეზუგბაიამ.