საქართველოში დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის ეფექტიანობის ხელშეწყობისთვის ევროკავშირის პროგრამა განხორციელდება
საქართველოში დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის ეფექტიანობის ხელშეწყობისთვის ევროკავშირის პროგრამა განხორციელდება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი სოსო რამიშვილი, მოადგილეებთან ერთად ევროკავშირის მიერ დელეგირებულ ექსპერტებს, ტომას ვენენს და ანტოან ჰანინს შეხვდა.

„შეხვედრის მიზანს საქართველოში უსაფრთხოების სექტორის რეფორმის მხარდაჭერის მიზნით ევროკავშირის მიერ შემუშავებული უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულთან ბრძოლის პროგრამის SAFE (Security, Accountability and Fight Against Crime Programme) გაცნობა წარმოადგენდა. პროგრამის ფარგლებში საქართველოში დანაშაულთან და კორუფციასთან საბრძოლველად ევროკავშირმა 27 მილიონი ევროს დახმარება გამოყო.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ზემოაღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პრიორიტეტულ საკითხებს. პროგრამა მოიცავს ოთხ კომპონენტს, მათ შორის ერთ-ერთია კორუფციის, ფულის გათეთრების და ზოგადად, საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა. პროგრამის ფარგლებში მოხდება საქართველოში დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის ეფექტიანობის ზრდისთვის შესაბამისი უწყებების გაძლიერების ხელშეწყობა“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა ევროპელ ექსპერტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს უწყების საქმიანობის და სამსახურის მიერ გამოძიებული სისხლის სამართლის საქმეების ბოლო წლების სტატისტიკის შესახებ. საუბარი შეეხო შედეგების შეფასების მეთოდებს და ძირითადი პრიორიტეტების განსაზღვრის გზებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო სამუშაო შეხვედრაზე პროგრამის ეფექტიანად განხორციელებისთვის, ყველა მნიშვნელოვან საკითხს დეტალურად განიხილავენ.