საქართველოში დამზადებული სამედიცინო ნიღბები შესაძლოა, სააფთიაქო ქსელებში შემდეგი კვირიდან გაიყიდოს
საქართველოში დამზადებული სამედიცინო ნიღბები შესაძლოა, სააფთიაქო ქსელებში შემდეგი კვირიდან გაიყიდოს

სამედიცინო პირბადეების წარმოება არის ჩვენი ახალი პროგრამა, ორი კვირის წინ დავიწყეთ პირბადეების ადგილობრივი წარმოების პროგრამა, რომელშიც დღეს ჩართულია რამდენიმე მსხვილი და მცირე სამკერვალო, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, მოცემულ ეტაპზე მეტნაკლებად სტაბილურად არის აწყობილი ნედლეულის მოწოდება.

„ეს არ არის მარტივი, რადგან დოლბანდი, რომელსაც ვიყენებთ პირბადეების დამზადებისთვის, არ იწარმოება საქართველოში, შემოსატანი ნედლეულია და ქვეყნებს აქვთ გარკვეული შეზღუდვები დაწესებული, მაგრამ ჩვენი დიპლომატიური კორპუსის დახმარებით, უზრუნველვყავით უკვე მეტნაკლებად სტაბილური მიწოდება. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემდეგი კვირიდან მაქსიმალურად ვეცდებით, რომ პირბადეები გამოჩნდეს სააფთიაქო ქსელებში, ჩვეულებრივ გაყიდვაში“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, სამედიცინო ნიღბების ფასი ხელმისაწვდომი იქნება.

„ვინაიდან ეს არის სახელმწიფო და ვიტყოდი, სახალხო პროექტი, ფასი იქნება ხელმისაწვდომი, რაოდენობას რაც შეეხება, რა საკვირველია, ვცდილობთ, მაქსიმალურად გავზარდოთ, მაგრამ ეს დაკავშირებულია ნედლეულის მოწოდებაზე და შეიძლება, პირველ ეტაპზე სრულად ვერ დავაკმაყოფილოთ მოთხოვნები, მაგრამ მიხარია, რომ სხვა წარმოებებიც ამუშავდნენ და პირბადეები იკერება არა მხოლოდ ჩვენი პროგრამის ფარგლებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დეფიციტი დავამარცხოთ“, – აცხადებს თურნავა.

ამასთან, მისი თქმით, სახელმწიფოს დახმარებით სხვადასხვა დანიშნულების სამედიცინო დამცავი საშუალებებიც მზადდება.

„დღეს მივდივარ ერთ-ერთ ქართულ საწარმოში, რომელიც „აწარმოე საქართველოში” პროგრამის დახმარებით, აფართოებს სამედიცინო ხალათებისა და დამცავი სკაფანდრების კერვას. ეს არის მისაბაძი მაგალითი, ყველა ასეთ წარმოებას გვერდით დგომას ვთავაზობთ”, – განაცხადა ნათია თურნავამ.