საქართველოში დაბრუნებულ კიდევ 100 მიგრანტს გრანტი გადაეცემა
საქართველოში დაბრუნებულ კიდევ 100 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს კიდევ 100-მდე მოქალაქეს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით გრანტი გადაეცემა.

დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს და მის მიზანს რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს.

სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის განაცხადების მიღებას წელიწადში ორჯერ ცხადდება.

„100-მდე დაბრუნებული მიგრანტი, რომლებიც სახელმწიფოსგან დაფინანსებას მიიღებენ სპეციალურმა კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად გამოავლინა. პროგრამის მონაწილეებმა საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ტექნიკა და ინვენტარი თავადვე შეარჩიეს. მნიშვნელოვანია, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მათ გაუჩნდეთ შემოსავლის წყარო და აღარ მოუწიოთ ქვეყნის დატოვება“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

პროგრამა საშემოსავლო პროექტების დაფინანსებასთან ერთად, პროფესიული განათლების ხელშეწყობას, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

დევნილთა სააგენტო აქვე აქვეყნებს მიგრანტების სიას, რომლებსაც გრანტი გადაეცემათ.

დატოვე კომენტარი