საქართველოში ჩამოსული ყველა მოქალაქე საკარანტინო ზონაში იქნება გადაყვანილი
საქართველოში ჩამოსული ყველა მოქალაქე საკარანტინო ზონაში იქნება გადაყვანილი

საქართველოში ჩამოსული ყველა მოქალაქე საკარანტინო ზონაში იქნება გადაყვანილი. ამის შესახებ მედიას კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

ამასთან, ხვალიდან სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა.

„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა და განხორციელდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომელიც არის წარმოებული საქართველოს ავიახაზების მიერ და კოორდინირებულია საქართველოს მთავრობასთან.

აქვე, მინდა ხაზი გავუსვა და გაცნობოთ, რომ ყველა მოქალაქე, რომელიც შემოდის საქართველოში – თქვენ იცით, რომ ჩვენ უკვე რამდენიმე დღეა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში შემოდიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად იმისა, თუ საიდან მოემგზავრებიან ისინი, გადაინაცვლებენ საკარანტინო ზონაში და იქნებიან ექიმების დაკვირვების ქვეშ. შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით, იქნება მათ მიმართ გადაწყვეტილებები მიღებული“, – განაცხადა პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.