საქართველოში ბუსტერდოზის გაკეთების ვადა ექვსიდან ხუთ თვემდე შემცირდა
საქართველოში ბუსტერდოზის გაკეთების ვადა ექვსიდან ხუთ თვემდე შემცირდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ბრძანების საფუძველზე, საქართველოში ე.წ. ბუსტერდოზის გაკეთების ვადა 6-დან 5 თვემდე შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, PfaizerBioNTech ბუსტერდოზით ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 5-თვიანი ინტერვალით, რაც მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან აითვლება.

ბუსტერდოზად შესაძლებელია გამოყენებული იქნას იგივე ან სხვა ვაქცინა.

Covid-19-ის საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინებით („სინოვაკი“, „სინოფარმი“) აცრილი პირებისათვის ბუსტერდოზა გაკეთდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 3-თვიანი ინტერვალით.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 12-15 წლის ასაკის მოზარდებში Covid-19-ის საწინააღმდეგო PfaizerBioNTech ვაქცინის მეორე დოზით ადმინისტრირება რეკომენდებულია განხორციელდეს პირველი დოზის მიღებიდან 3-დან 12 კვირამდე ინტერვალით.

„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი