საქართველოში „ბიზნესსახლის“ მშენებლობა 2019 წლის ბოლოს დასრულდება [ვიდეო]

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა „ბიზნესსახლთან“ დაკავშირებით ღია კარის დღე გამართა. პროექტის შესახებ დეტალურად მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ ისაუბრა.

მისი თქმით, „ბიზნესსახლის“ მშენებლობა მიზნად ისახავს სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის სრულიად ახალ ხედვას, რაც გულისხმობს, სახელმწიფო სერვისების მიწოდების გაუმჯობესებას.

მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ „ბიზნესსახლში“ უზრუნველყოფილი იქნება როგორც ფიზიკური, ისე ელექტრონული სივრცის განვითარება, სადაც ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, ერთ სივრცეში, ერთი ფანჯრის პრინციპით, 600-ზე მეტი სახელმწიფო სერვისი მიიღონ, რომლის მიწოდებას ამ ეტაპზე 60-მდე უწყება უზრუნველყოფს.

პროექტის ავტორების თქმით, საპროექტო შენობა არის თანამედროვე, ინოვაციური და ენერგოეფექტური. ის „მწვანე შენობის“, LEED-ის ვერცხლის სერტიფიკატის მქონე პირველი შენობა იქნება საქართველოში. „მეორე მხრივ, მისი დიზაინი ბუნებრივად ჩაჯდება და მრავალფეროვნებას შემატებს ქალაქის იერსახეს“, – აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა „ბიზნესსახლის“ მშენებლობაზე ელექტრონული ტენდერი პირველად 2017 წლის 21 დეკემბერს გამოაცხადა, წინადადების მიღება კი 23 იანვარს დასრულდა. აღნიშნული ელექტრონული ტენდერის პროცედურა მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეწყვიტა. ტენდერის შეწყვეტის მიზეზი დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება და ის გარემოება გახდა, რომ შეუძლებელი იყო სატენდერო პირობების ცვლილება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიზნების დაცვის უზრუნველსაყოფად. ახალი ტენდერი შეცვლილი პირობების შესაბამისად გამოცხადდება.

„მუნიციპალური განვითარების ფონდის მიზანია, სატენდერო პროცედურები უფრო მეტად გამჭვირვალე და ეფექტიანი გახდეს, დაინტერესებულ კომპანიებს საშუალება ჰქონდეთ, ტენდერის გამოცხადებამდე გაეცნონ პროექტს, რაც მათ საშუალებას მისცემს, უფრო უკეთ მოემზადონ და გარემოც მეტად კონკურენტუნარიანი გახდეს. უზრუნველყოფილი იქნება ღია, გამჭვირვალე და თანაბარი პირობები ყველა ორგანიზაციისთვის“, – აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

მათივე ინფორმაციით, „ბიზნესსახლის“ მშენებლობა 2019 წლის ბოლოს დასრულდება.