საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მრჩეველი - მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა სომხეთს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ვალდებულებების დაცვა აიძულოს
საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მრჩეველი - მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა სომხეთს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ვალდებულებების დაცვა აიძულოს

მიუხედავად აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებისა, 2020 წლის 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ცეცხლის შეწყვეტის ჰუმანიტარული რეჟიმის დაცვის შესახებ, სომხეთის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ შეთანხმების უხეშად დარღვევას, – ამის შესახებ საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მრჩეველმა, ელდარ ბაირამოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ცეცხლის შეწყვეტის ჰუმანიტარული რეჟიმის შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის აგდამისა და ტერტერის რაიონებს, რამდენიმე საათის შემდეგ კი სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა იერიშის მიტანა სცადეს გადრუთისა და ჯებრაილის მიმართულებით.

„სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან სანიტარული მანქანის მიმართულებით გახსნილი ცეცხლის შედეგად, რომელსაც მკვეთრად შესამჩნევად ჰქონდა მიმაგრებული თეთრი დროშები, და რომელიც სუგოვუშანის ტერიტორიაზე სომეხი ჯარისკაცების ცხედრებს აგროვებდა, სერიოზულად დაშავდა ერთი სამედიცინო მუშაკი.

11 ოქტომბრის ღამეს, აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქი განჯა, რომელიც ფრონტის ხაზიდან ძალიან შორს მდებარეობს, სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან სარაკეტო შეტევის ობიექტი გახდა. შეტევის შედეგად დაიღუპა ცხრა სამოქალაქო პირი და დაშავდა 34 ადამიანი, მათ შორის – ბავშვები.

ჰუმანიტარულ რეჟიმში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შემდეგ, სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან ცეცხლის გახსნა მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ქალაქებისთვის, არის ბარბაროსობის კიდევ ერთი მაგალითი და ცხადყოფს, რომ სომხეთის ხელისუფლების მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მხოლოდ თვალთმაქცობაა“, – განაცხადა ბაირამოვმა.

მისივე თქმით, „აზერბაიჯანის წინაღმდეგ პოლიტიკური აგრესიის ფარგლებში, სომხეთის მხრიდან მიზანმიმართულად გახსნილი ცეცხლი მშვიდობიანი მოქალაქეების, სახლების, სამოქალქო ობიექტებისა და სამედიცინო პერსონალის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს ქვეყანა უგულველყოფს საერთაშორისო სამართლის ძირითად ნორმებს, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალსა და ჟენევის კონვენციას. არღვევს თავის ვალდებულებებს და ძალიან შორსაა ჰუმანიტარიზმის ძირითადი პრინციპებისგან“.

„ამას გარდა, მთელი საომარი მოქმედებების მიმდინარეობის პროცესში, 27 სექტემბრიდან დაწყებული, სომხეთმა, დადგა რა მეზობელი სახელმწიფოების მხრიდან სამხედრო ტვირთების სახმელეთო და საჰაერო ტრანზიტზე შეზღუდვების წინაშე, ამ მიზნებით დაიწყო სამოქალაქო თვითმფრინავების გამოყენება. ასეთი უკანონო ქმედება უხეშად არღვევს საერთშორისო სამართლის ნორმებს, მათ შორის – ჩიკაგოს კონვენციის 44-ე მუხლს.

ჩვენ მკაცრად ვგმობთ სომხეთის მხრიდან აგრესიის მსგავს აქტებს და ცეცხლის შეწყვეტის ჰუმანიტარული რეჟიმის ბოროტად გამოყენების ფაქტებს. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა აიძულოს ოკუპანტი ქვეყანა სომხეთი, დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და ნაკისრი ვალდებულებები. მთელი პასუხისმგებლობა სიტუაციაზე რეგიონში სომხეთის რესპუბლიკის პოლიტიკურ სამხედრო ხელმძღვანელობას ეკისრება“, – განაცხადა საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მრჩეველმა.