საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩო სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
განცხადება მედიასთან შეხვედრისას აზერბაიჯანის კონსულმა, ელდარ ბაირამოვმა გააკეთა.
აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, 27 სექტემბრის გამთენიისას „სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უხეშად დაარღვიეს და ინტენსიური თავდასხმა განახორციელეს“ აზერბაიჯანულ სოფლებზე.
„სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ფრონტისპირა ხაზის გასწვრივ მდებარე, მჭიდროდ დასახლებული სამოქალაქო ზონებისა და ობიექტების მიმართულებით ცეცხლის გახსნა იყო წინასწარ განზრახული და გამიზნული. ვრცელდება ცნობები სამოქალაქო მოსახლეობასა და სამხედრო მოსამსახურეებს შორის გარდაცვლილი და დაჭრილების შესახებ. ძლიერი ზიანი მიადგა ბევრ საცხოვრებელ სახლსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. მაგალითად, 27 სექტემბერს საღამოს, 20:00 საათის მონაცემებით, წინასწარი შეფასებით, სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობებით ჰოსპიტალიზებულია 19 აზერბაიჯანელი სამოქალაქო პირი. გარდაიცვალა ელბრუს გურბანოვი და მისი ოჯახის ოთხი წევრი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი, ქალაქ ნაფტალანთან მდებარე სოფელ გაშალთიში სახლი კი მთლიანად განადგურდა“, – განაცხადა დიპლომატმა.
ელდარ ბაირამოვის თქმით, შეტევა სომხეთის მხრიდან გასულ ღამესაც განხორციელდა, რა დროსაც განადგურდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, დაშავდნენ და დაიღუპნენ ადამიანები.
აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ სომხეთის ქმედებები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევაა, მათ შორის 1949 წლის ჟენევის კონვენციის. ელდარ ბაირამოვის თქმით, „აზერბაიჯანმა არაერთხელ გააფრთხილა საერთაშორისო საზოგადოება, რომ სომხეთი ემზადება აგრესიის ახალი აქტისა და ომისთვის”.
„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სომხეთის მიმდინარე სამხედრო აგრესია აზერბაიჯანის წინააღმდეგ და მისი შეიარაღებული ძალების განთავსება აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რჩება მნიშვნელოვან საფრთხედ რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ბაირამოვმა.
დიპლომატის თქმით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები მიმართავენ „საპასუხო ზომებს სომხეთის მორიგი სამხედრო აგრესიის თავიდან ასაცილებლად და სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.
აზერბაიჯანის საელჩოში აღნიშნავენ, რომ აზერბაიჯანის არმიის დანაყოფებმა გაათავისუფლეს ფიზულის რაიონის ხუთი სოფელი და ჯებრაილის რაიონის ორი სოფელი.
ამასთან, აზერბაიჯანული მხარის თქმით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი სტრატეგიული სიმაღლე დაიკავეს, განადგურდა მოწინააღმდეგის სამხედრო აღჭურვილობა. აზერბაიჯანული მხარე შექმნილ ვითარებაზე და მოვლენების სამომავლო განვითარებაზე სრულ პასუხისმგებლობას სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აკისრებს.
„აზერბაიჯანი ახორციელებს თავის უფლებას, დაიცვას თავი და მოიგერიოს აგრესია გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, – განაცხადა ელდარ ბაირამოვმა.