საქართველოში აზერბაიჯანის ელჩმა, ფაიგ გულიევმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოში აზერბაიჯანის ელჩმა, ფაიგ გულიევმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოში აზერბაიჯანის ელჩმა, ფაიგ გულიევმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ფაიგ გულიევმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.

„საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის მიერ განხორციელებული 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია და 1990 წლის 20 იანვარის მოვლენები არსებითად იგივე იყო. ორივე შემთხვევაში მიზანს წარმოადგენდა ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხების თავისუფალი ნების გატეხვა და იმპერიისადმი დამორჩილება. ორივე შემთხვევაში, შედეგი საპირისპირო აღმოჩნდა. აზერბაიჯანისა და საქართველოს ხალხებმა მეოცე საუკუნის დასაწყისში დაარსებული დემოკრატიული რესპუბლიკების ტრადიციების დაცვით, აღადგინეს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და მას შემდეგ, განავითარეს ურთიერთსასარგებლო ურთიერთობები, აამაღლეს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე. სწორედ ამ სტრატეგიულმა პარტნიორობამ ჩამოაყალიბა სამხრეთ კავკასიის თანამედროვე იმიჯი, გახსნა ჩვენი რეგიონი მსოფლიოსთვის და მდგრად განვითარებას ჩაუყარა საფუძველი. დარწმუნებული ვარ, რომ ამის შემდეგაც ორი მეგობარი და მეზობელი ქვეყანა, აზერბაიჯანი და საქართველო, თავიანთი დიდებული ისტორიის, მათ შორის სისხლიანი მეხსიერების არდავიწყებით, მხარს დაუჭერენ ერთმანეთს და ურთიერთნდობით გააგრძელებენ გზას მეტი წარმატებისკენ”, – აღნიშნა აზერბაიჯანის ელჩმა.

9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.