საქართველოში აზერბაიჯანის ახალმა ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა
საქართველოში აზერბაიჯანის ახალმა ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა

საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ფაიგ გულიევმა რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულებისა შემდეგ მხარეებს შორის ხანმოკლე შეხვედრა გაიმართა. მინისტრმა აზერბაიჯანელ ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება მისი საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში.

„შეხვედრის დროს მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყნას შორის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და მიმართულებები“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრის დასასრულს დავით ზალკალიანმა საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კიდევ ერთხელ მიულოცა ამ მეტად საპასუხისმგებლო მისიის დაწყება და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.