საქართველოში ათი წლის შემდეგ - ესტონეთის მოქალაქე ზაქარია ბეგლარიშვილი „გაგრაში“ ითამაშებს #1TVSPORT
საქართველოში ათი წლის შემდეგ - ესტონეთის მოქალაქე ზაქარია ბეგლარიშვილი „გაგრაში“ ითამაშებს #1TVSPORT

ზაქარია ბეგლარიშვილი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, „გაგრაში“ ჩაირიცხა და წყალტუბოს „სამგურალთან“ საქართველოს თასის 1/16-ფინალურ შეხვედრაში მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა.

33 წლის შემტევმა ნახევარმცველმა კარიერა 2007-2008 წლებში „თბილისში“ დაიწყო, მერე იყო გორის „დილა“ (2008-2009) და თბილისის „ლოკომოტივი“ (2009), ამის შემდეგ კი სათამაშოდ ესტონეთში გადავიდა, სადაც კარიერაში საუკეთესო წლები გაატარა.

2010-2012 წლებში ტალინის „ფლორაში“ თამაშობდა. 2013 წელს ცოტა ხნით საქართველოში ჩამოვიდა (ბოლნისის „სიონი“), მაგრამ მერე ისევ „ფლორას“ დაუბრუნდა (2014-2020) და ამ პერიოდში მოიპოვა ტიტულები.

ბეგლარიშვილი გახდა ესტონეთის ხუთგზის ჩემპიონი, თასის (2011, 2013) და სუპერთასის (2011, 2012, 2014) მფლობელი, ერთხელ ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

შემდეგ იყო ბუდაპეშტის „ჰონვედი“, ფინური „სეინაიოკი“ და „კოტეპე“, მაგრამ მერე ისევ ესტონეთში დაბრუნდა და „ლევადიაში“ (2021-2022) ითამაშა, სადაც კიდევ ერთხელ გახდა ქვეყნის ჩემპიონი (2021) და თასის მფლობელი.

2023 წლიდან ბეგლარიშვილი უზბეკეთის „ტურონში“ გამოდიოდა და საქართველოში ათწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

ბეგლარიშვილს უთამაშია საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრებში. 2015 წლის ნოემბერში კახა ცხადაძემ ესტონეთისა და ალბანეთის წინააღმდეგ მატჩებში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა, მისი დებიუტი 2015 წლის 11 ნოემბერს ესტონეთთან ამხანაგურ მატჩში შედგა.

ბეგლარიშვილს საქართველოს ნაკრებში ოფიცილაური თამაში არ ჩაუტარებია და ესტონეთის ეროვნულ გუნდში თამაშის სურვილი გამოთქვა. 2018 წლის დეკემბერში ესტონური ენის გამოცდა ჩააბარა, 2019 წლის სექტემბერში ამ ქვეყნის მოქალაქის პასპორტიც მიიღო, მაგრამ საბოლოოდ ფიფა-მ ესტონეთის სახელით თამაშის უფლება არ მისცა.