საქართველოში აშშ-ის საელჩოში არასამთავრობოებთან მართლმსაჯულების საკითხებზე შეხვედრა იმართება
საქართველოში აშშ-ის საელჩოში არასამთავრობოებთან მართლმსაჯულების საკითხებზე შეხვედრა იმართება

საქართველოში აშშ-ის საელჩოში მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ხარვეზებზე და რეფორმის მეოთხე ტალღაზე მსჯელობენ.

სამართალის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ელიზაბეთ რუდს ხვდება.

საელჩოში შესვლამდე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრმა სასამართლოს სისტემაში არსებულ მანკიერ პრაქტიკაზე ისაუბრა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, აშშ-ის წარმომადგენლობას, როგორც საქართველოში სასამართლო სისტემის მხარდამჭერებს, წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ სასამართლო სისტემაში არსებულ ტენდენციებზე და იმ მანკიერ პრაქტიკაზე, რომელთა შორისაც მესამე სექტორის წარმომადგენლები ფორმალური ხასიათის რეფორმებს, დისციპლინარულ საკითხებსა და სასამართლოში არსებულ კლანურ ერთობებს ასახელებენ.

„გამოწვევები, რომლებიც სასამართლო ხელისუფლებაში დგას, ცხადია ჩვენი პარტნიორებისთვისაც. ეს არის დღეს არსებული კლანური მმართველობა სასამართლოში, ის რომ რეფორმები ხშირ შემთხვევაში ფორმალურ ხასიათს ატარებს და არ არის ორიენტირებული ძირეული პრობლემების გადასაჭრელად. დღეს კოალიციის შეხვედრა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან არის განპირობებული, რათა გავაცნოთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია და ხედვა იმის თაობაზე, თუ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ უახლოეს მომავალში სასამართლო სისტემაში გაჯანსაღდეს არსებული მდგომარეობა“, – აღნიშნა „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძემ.

მესამე სექტორში აღნიშნავენ, რომ არსებობს ერთობლივი ინიციატივები, რომელიც პრაქტიკაში განხორციელების შემთხვევაში მართლმსაჯულების სისტემას არსებითად შეცვლის. აშშ-ის ელჩის მოადგილესთან შეხვედრაზე ამ ინიციატივებზეც იყო საუბარი.

„ჩვენც გვაქვს ჩვენი წინადადებები, თუ როგორ გავხადოთ უკეთესი ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა. ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი პრობლემაა დღეს სასამართლოში, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი პრობლემაა ის კლანური სისტემა, რომელიც არსებობს სასამართლო სისტემაში; მაგრამ, ამავდროულად, არის დაუხვეწავი კანონმდებლობა და ვფიქრობთ, კანონის დახვეწა არის ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზეც ვისაუბრებთ. ეს ეხება დისციპლინური რეგულაციების დახვეწას, ასევე სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნას და სხვა იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც გააუმჯობესებს ჩვენს სასამართლო სისტემას“, – აღნიშნა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა.