საქართველოში აშშ-ის საელჩო ე.წ. დროებითი ბიუჯეტის გამო სრულყოფილად ვერ მუშაობს
საქართველოში აშშ-ის საელჩო ე.წ. დროებითი ბიუჯეტის გამო სრულყოფილად ვერ მუშაობს

 

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ერთთვიანი ე.წ. დროებითი ბიუჯეტის დამტკიცების გამო საქართველოში აშშ-ის საელჩო სრულყოფილად ვერ მუშაობს.

საელჩოში პირველ არხს განუცხადეს, რომ შეფერხება არ ეხება საკონსულო დეპარტამენტს, თუმცა საელჩოში საოპერაციო საქმიანობა ამ ეტაპზე არ სრულდება.

საელჩოს ვებგვერდზე ასევე წერია, რომ აშშ-ის მთავრობის მუშაობის აღდგენამდე გვერდი რეგულარულად არ განახლდება, გარდა საგანგებო და უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციისა.

„აშშ-ის საელჩოს საკონსულო მომსახურება გაგრძელდება კონგრესის მიერ საბიუჯეტო სახსრების ასიგნირებამდე. თუ დანიშნული გაქვთ სავიზო გასაუბრება ან ამერიკის მოქალაქეთა მომსახურების თაობაზე შეხვედრა, გთხოვთ, გამოცხადდეთ საელჩოში შეთანხმებულ დროს”, – ნათვაქმია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, 20 იანვარს აშშ-ის მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი სენატმა ვერ დაამტკიცა. მთავრობის დაფინანსების კანონპროექტის საბოლოო განხილვა თებერვლის შუა რიცხვებში განახლდება.

მიზეზი დემოკრატ და რესპუბლიკელ სენატორებს შორის რიგ საკითხებთან დაკავშირებით აზრთა სხვდასხვაობაა.

კანონპროექტი წარმატებით დამტკიცდა წარმომადგენელთა პალატაში, სადაც „დროებით ბიუჯეტს“ მხარი 230-მა დაუჭირა, ხოლო 197 წინააღმდეგი იყო. თუმცა პროექტმა სენატში საჭირო რაოდენობის ხმები ვერ მიიღო.

მოგვიანებით, დონალდ ტრამპმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ მთავრობის დაფინანსების კანონპროექტის დამტკიცებას დემოკრატები აფერხებენ.