საქართველოში აშშ-ის საელჩოს და CLDP-ის მხარდაჭერით, ფარული გარიგებების გამოვლენისა და მათთან ბრძოლის საკითხებზე სემინარი მიმდინარეობს
საქართველოში აშშ-ის საელჩოს და CLDP-ის მხარდაჭერით, ფარული გარიგებების გამოვლენისა და მათთან ბრძოლის საკითხებზე სემინარი მიმდინარეობს

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ სახელმწიფო შესყიდვებში ფარული გარიგებების გამოვლენისა და მათთან ბრძოლის საკითხებზე სემინარი გახსნა.

ღონისძიება 13-14 დეკემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP), აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის და საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება.

„მადლობა მხარდაჭერისთვის, მონაწილეობისთვის ჩვენს ევროპელ კოლეგებს და  ექსპერტებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან. კონკურენციის ეროვნული სააგენტოსთვის, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში, შეთანხმებული ქმედებების გამოვლენის და აღკვეთის, კონკურენციის პოლიტიკის დაცვის მიმართულებით – საერთაშორისო პრაქტიკის და მიღწეული შედეგების ანალიზი მნიშვნელოვანია.

2014-2021 წლებში, სააგენტომ განიხილა 10-ზე მეტი საქმე, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების პროცესში, შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან კონკურენციის შემზღუდველი პირობების დაწესებას შეეხებოდა. გაიცა არაერთი რეკომენდაცია. ჩვენი მიზანია – შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან არ მოხდეს ტენდერებში მონაწილეთათვის დაუსაბუთებელი, დისკრიმინაციული და შესყიდვის ობიექტთან შეუსაბამო მოთხოვნების დაწესება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ორდღიან სამუშაო შეხვედრაში, კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, დავების განხილვის საბჭოს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები. ვფიქრობ, სახელმწიფო შესყიდვებში ფარული გარიგებების გამოვლენის და მათთან ბრძოლის მეთოდებზე ერთობლივ ფორმატში მსჯელობა, უცხოელი კოლეგების მიერ მიღებული რეკომენდაციების, სამომავლოდ გასატარებელი ღონისძიებების შეჯერება, ინფორმაციის გაცვლა, საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის სიღრმისეული ანალიზი სამომავლოდ შედეგზე ორიენტირებული და ეფექტიანი თანამშრომლობის საფუძველია“, – განაცხადა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობენ დავების განხილვის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ალეკო ნაჭყებია; სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, კახა დემეტრაშვილი; აშშ-ის საელჩოს ეკონომიკური განყოფილების უფროსი, ჯიმ მ.ფოსტერი; კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის იურისტი, კლერკი ჰანა ჰადზიბეგოვიჩი; კონკურენციის ეროვნული სააგენტოს კონკურენციის შემზღუდავი შეთანხმებების გამოვლენისა და აღკვეთის სამმართველოს უფროსი, გვანცა ჩადუნელი; აშშ იუსტიციის დეპარტამენტის სასამართლო ადვოკატები – ბრაიან სერინო და ნოლან მეითერი; ჯორჯ ვაშინგტონის სამართლის სკოლის დეკანის თანაშემწე, ჯესიკა ტილიპმენი და ა.შ.

სემინარი კითხვა-პასუხისა და დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობს, სადაც მონაწილეები შემდეგ ძირითად საკითხებზე მსჯელობენ: სატენდერო გარიგებების ფარგლებში მოვლენათა ბოლოდროინდელი განვითარება საქართველოში; აშშ-ის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის აღსრულების მეთოდები; სახელმწიფო შესყიდვებში სატენდერო გარიგებები, გამოვლენის გზები და აღკვეთის მიზნით გამოყენებული მექანიზმები, აშშ-ის მიდგომები, მიღწეული შედეგები და ა.შ.