საქართველოში აშშ-ის საელჩო ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანის წარდგენის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
საქართველოში აშშ-ის საელჩო ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანის წარდგენის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანის წარდგენის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

როგორც სოციალურ ქსელ ფეისბუქში საელჩოს ვებგვერდზეა აღნიშნული, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე კალიფორნიელი კელი დეგნანი წარადგინა.

„მომდევნო ეტაპი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ დანიშნულ დროს საჯარო განხილვა იქნება“, – აღნიშნავს საელჩო.

კალიფორნიელი კელი დეგნანი კარიერული დიპლომატია. ამჟამად ის ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო სამხედრო ძალების მეთაურის პოლიტიკურ მრჩევლად მუშაობს.
მანამდე დეგნანი იტალიაში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა. ასევე გახლდათ კოსოვში აშშ-ის დიპლომატიური მისიის უფროსის მოადგილეც. 25- წლიანი კარიერის განმავლობაში დეგნანი მუშაობდა ნატო-ს აშშ-ის მისიაში, პოლიტიკური მრჩევლის თანამდებობაზე, აგრეთვე იყო ანკარაში აშშ-ის საელჩოში პოლიტიკური მრჩევლის მოადგილე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დეგნანი სახელმწიფო მდივნის სპეციალური თანაშემწის თანამდებობას იკავებდა.

საქართველოში აშშ-ის ელჩის პოსტზე წარდგენილი კანდიდატი ფილოსოფიის დოქტორია,  აქვს ბაკლავრის ხარისხი ჟურნალისტიკაშიც. საუბრობს რამდენიმე ენაზე, მათ შორის იტალიურად, ფრანგულად, თურქულად და ურდუზე.

ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ელჩი გასული წლის გაზაფხულიდან არ ჰყავს. ამ თანამდებობას იან კელი იკავებდა, რომელმაც მუშაობა აღნიშნულ პოსტზე შარშან გაზაფხულზე დაასრულა. ამჟამად საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ელიზაბეთ რუდი ასრულებს.

 

დატოვე კომენტარი