საქართველოში არსებული დაბალი კონკურენციის გამო, ევროპაში ადგილის დამკვიდრება ძნელია - ლევან ყენიამ ქართული ფეხბურთის პრობლემებზე ღიად ისაუბრა #1TVSPORT
რამ შეუშალა ხელი ლევან ყენიას, ნიჭი ბოლომდე რომ ვერ გამოავლინა? მისგან ბევრს ელოდნენ. 18 წლის ასაკში უკვე თამაშობდა ბუნდესლიგის „შალკე 04-ში“, რომელსაც ოფიციალურად 2008 წლის 4 იანვარს შეუერთდა, ხოლო 2012 წლის ზაფხულში დატოვა. შემფეგ იყო ლვოვის „კარპატი“ (2013 წლამდე), დიუსელდორფის „ფორტუნა“ (2013), პრაღის „სლავია“ 2014-2017.
ლევან ყენიამ ეროვნულ ნაკრებში 29 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. კარიერა 30 წლის ასაკში დაასრულა.
ყენიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საფეხბურთო ტაიმაუტი ვლადიმერ გუცაევთან ერთად“ ქართული ფეხბურთის პრობლემები ახსენა და არ დამალა, რომ ევროპულ ფეხბურთს ძალიან ჩამოვრჩით.
„ევროპაში წასულ ქართველებს, უპირველესად, ფიზიკურად გვიჭირს. წამყვან ლიგებში მოთამაშეები აღარ გვყავს. საშუალო დონის ჩემპიონატებში – ნიდერლანდებში, უნგრეთში ქართველები რომ ჩადიან, სეზონის დასაწყისში ისეთ ტრავმებს იღებენ, ეს მათ კარიერას დაღს ასვამს.
მხოლოდ არასწორი მომზადება არაა მიზეზი. საქართველოში წნეხია და კონკურენციაა დაბალი. გერმანიაში 17 და 19 წლის ბავშვებში დიდი კონკურენციაა, ყოველ ტურში ბოლომდე იხარჯებიან და ასე იზრდებიან.
ჩვენთან ამ წნეხისა და კონკურენციის ქვეშ არ იზრდებიან, დატვირთვა არაა, ასაკობრივ ნაკრებებშიც გამორჩეული 1-2 ფეხბურთელი გვყავს. საუკეთესოებში საუკეთესო თუ არ ხარ, ძნელია ევროპაში სტაბილურად დაიმკვიდრო ადგილი. გერმანიაში რომ გადავედი, 6 თვე ვითამაშე და შემდეგ ტრავმებმა ძალიან შემიშალა ხელი. 2-3 წელი სტაბილურად უნდა ითამაშო, წამყვან კლუბებში რომ დაიმკვიდრო ადგილი.
საქართველო და ევროპა ორი განსხვავებული სამყაროა – „შალკეში“ რომ მოვხვდი, სულ სხვა დატვირთვები და მიდგომა იყო. სხვაობა დაახლოებით ისეთია, ბაღიდან რომ ბავშვი გამოიყვანო და ბანკში შეიყვანო“.