საქართველოში ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების პროცესის გაუმჯობესების მიზნით, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები შედის
საქართველოში ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების პროცესის გაუმჯობესების მიზნით, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები შედის

საქართველოში ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების პროცესის გაუმჯობესების მიზნით, “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებები შედის.

კანონპროექტით არჩევნებში იმ ამომრჩევლების მონაწილეობის დროებითი წესი განისაზღვრება, რომელიც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოიხსნა, ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, ან რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე.

კერძოდ, პროექტით, ამომრჩეველი, რომელიც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოიხსნა, ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შევა ბოლო რეგისტრაციის ადგილის, ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამასთან, ცვლილებებით, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირი ამომრჩეველთა ერთიან სიაში შევა სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. იმ შემთხვევაში კი, როდესაც მონაცემთა ბაზაში ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაცია დაცული არ არის, არჩევნებში მონაწილეობისთვის შესაბამისი ამომრჩეველი ვალდებული იქნება, არჩევნების დანიშვნიდან არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 21 დღის სააგენტოში გამოცხადდეს, თავისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი მიუთითოს და ფოტოსურათი გადაიღოს.

ამას გარდა, კანონპროექტით, ცესკო-ს უფლებამოსილება ექნება, გამოითხოვოს და მოთხოვნიდან სამი სამუშაო დღის ვადაში მიიღოს მონაცემები საარჩევნო უფლების მქონე პირთა შესახებ ყველა იმ დაწესებულებიდან, საიდანაც მას ეს მონაცემები მიეწოდება არა მარტო წელიწადში ოთხჯერ, როგორც ამჯერად არის დადგენილი, არამედ საჭიროებისამებრ.

ამასთან, კანონპროექტში ჩანაწერია სხვა სახელმწიფოში მყოფი პირის შესახებ, რომელიც რეგისტრირებულია საზღვარგარეთ და პროექტში აღნიშნა კეთდება, რომ იგი “რეგისტრირებულია საზღვარგარეთ” ნაცვლად, აღნიშვნისა – “იმყოფება უცხოეთში”.

ამასთან, პროექტით, საზღვარგარეთ რეგისტრირებული პირები საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ პირებს გაუთანაბრდებიან, სპეციალურ სიაში მოხვდებიან და აქტიური საარჩევნო უფლება მიენიჭებათ.