საქართველოში ამერიკული ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდი შემოდის, რომელიც 50 მილიონიან ფონდს დააფუძნებს
საქართველოში ამერიკული ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდი შემოდის, რომელიც 50 მილიონიან ფონდს დააფუძნებს

საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდი Catapult VC შემოდის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 50 მილიონიან ფონდს Catapult Georgia One-ს დააფუძნებს, – ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ფონდი სილიკონ ველიზე საქმიანობს და ასობით სტარტაპი აქვს დაფინანსებული.

„Catapult VC-ის გადაწყვეტილებით, საქართველოში შეიქმნება კერძო ფონდი, რომელიც დააფინანსებს ქართულ სტარტაპებს, რომელშიც სახელმწიფოც მცირედი მონაწილეობით იქნება წარმოდგენილი. ეს არის იმის აღიარება, რომ ქართული ინოვაციური სტარტაპებისთვის ჩვენ შევქმენით იმდენად მიმზიდველი ეკოსისტემა, რომ მსგავსი მსხვილი ამერიკული ფონდები შემოდიან ქართული სტარტაპების დაფინანსების მიზნით. ეს არის ჩვენი ეკონომიკის ის მიმართულება, რომელიც უკვე ძალიან კონკურენტუნარიანია და ქართული სტარტაპები ღირსეულ კონკურენციას უწევენ გლობალურად სხვა სტარტაპებს. სწორედ ეს არის მომავლის ეკონომიკა, რომელიც უფრო სწრაფად განვითარდება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

Catapult ვენჩურული კაპიტალის ფონდია, რომელიც სპეციალიზებულია სილიკონის ველის მიღმა ტექნიკურ ჰაბებში ინვესტირებაში. ფონდმა 15-ზე მეტი წლის განმავლობაში 220 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტირება განახორციელა 100-ზე მეტ კომპანიაში.