საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტთა ჯგუფი იმყოფება
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტთა ჯგუფი იმყოფება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტთა ჯგუფი იმყოფება.

ათი წარმატებული ახალგაზრდა მსოფლიოს რვა ქვეყნიდან, მათ შორის – აშშ-დან, ავსტრიიდან, იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან, საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის როლსა და გეოპოლიტიკურ პოტენციალს ეცნობა.

ახალგაზრდა ლიდერებს ჰარვარდის კენედის სკოლიდან, სტენფორდის უნივერსიტეტიდან და ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლიდან, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უმასპინძლა. 

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერმა ახალგაზრდა ლიდერებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების, საინვესტიციო შესაძლებლობების, ასევე – განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ. საუბარი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსაც შეეხო.

აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტები დღესვე სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ, სადაც არსებული ვითარების ადგილზე შეფასების საშუალება მიეცათ; ასევე – სტუმრობდნენ ტექნოლოგიურ პარკს, გაეცნენ მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებს.

ახალგაზრდა ლიდერთა ჯგუფის სამდღიანი ვიზიტი საქართველოში კულტურულ პროგრამასაც მოიცავს. სტუმრები უკვე იმყოფებოდნენ კახეთში, სადაც ტრადიციული სამზარეულო და  ქართული ღვინო დააგემოვნეს. მათ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა უმასპინძლა.

ახალგაზრდებმა გამოთქვეს დაინტერესება, უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვიოს დელეგაცია გაფართოებული შემადგენლობით, რათა  ქვეყნის პოტენციალი მსოფლიოს მასშტაბით კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის გახდეს ცნობილი და მან მეტი მეგობარი შეიძინოს.