საქართველოში ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი დაიწყო
საქართველოში ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი დაიწყო

საქართველოში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი დაიწყო.

ბელარუსის პრეზიდენტის დელეგაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დახვდნენ.

სტუმრის ოფიციალური დახვედრის ცერემონია ავლაბრის რეზიდენციაში გაიმართება, სადაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან. შეხვედრაზე საუბარი რეგიონალურ სტაბილურობასა და ქვეყნებს შორის ეკონომიკურ და პოლიტიკურ თანამშრომლობის განვითარებას შეეხება.

2017 წელი საქართველო-ბელარუსს შორის 100-მილიონიანი დოლარის ოდენობის ტვირთბრუნვით დასრულდა. 2017 წელს თბილისში მყოფმა ბელარუსის ვიცე-პრემიერთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციაში 2018 წლისთვის, მიზნად დასახეს ამ რიცხვის 200 მილიონამდე გაზრდა. შესაბამისად, ლუკაშენკოსთან განხილვის ერთ-ერთი საკვანძო თემა სწორედ ეკონომიკური თანამშრომლობა, ერთობლივი საწარმოების გახსნა და სატრანსპორტო, ლოგისტიკური თუ ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება.

ალექსანდრე ლუკაშენკო თბილისში ბოლოს 2015 წელს იმყოფებოდა, რის შემდეგაც, უკვე 2016 წელს საქართველოში ბელარუსის საელჩო გაიხსნა.

სწორედ 2015 წელს თბილისში ვიზიტისას ხელი მოეწერა ორმხივ დოკუმენტს, სადაც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე, საზღვრის ხელშეუხებლობასა და ძალის გამოყენების დაუშვებლობაზეა საუბარი. აღსანიშნავია, რომ ბელარუსი რუსეთის პარტნიორ ქვეყნად ითვლება და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატთან ერთად ევრაზიის საბაჟო კავშირშია გაერთიანებული.

ალექსანდრე ლუკაშენკო 1994 წლიდან ბელარუსის პრეზიდენტია. 2015 წლის მსგავსად, ამჯერადაც თბილისში ოფიციალურ ვიზიტზე მან ვაჟი ჩამოიყვანა.