საქართველოში ახალი ტიპის მულტიმოდალური გადაზიდვების - საკონტრეილერო გადაზიდვების დანერგვა იგეგმება
საქართველოში ახალი ტიპის მულტიმოდალური გადაზიდვების - საკონტრეილერო გადაზიდვების დანერგვა იგეგმება

საქართველოში ახალი ტიპის მულტიმოდალური გადაზიდვების – საკონტრეილერო გადაზიდვების დანერგვა იგეგმება. ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის კანონშემოქმედებით გეგმაში, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.

მთავრობა განმარტავს, რომ აღნიშნული გადაზიდვა გულისხმობს სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მისაბმელების (სახსნელი საავტომობილო ძარების) ტრანსპორტირებას სპეციალიზებული სარკინიგზო პლატფორმების გამოყენებით.

საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გამორიცხავს ან მინიმალურს გახდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საავტომობილო ინფრასტრუქტურის გამოყენებას.

„მიუხედავად იმისა, რომ საკონტრეილერო გადაზიდვაში ჩართული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება ახორციელებს სატრანზიტო გადაზიდვას, უნდა გათავისუფლდეს გზათსარგებლობის საფასურის გადახდისგან, რადგან სარკინიგზო გადაზიდვას საავტომობილოსთან შედარებით, აქვს რიგი უპირატესობები, რაც დაკავშირებულია საავტომობილო ინფრასტრუქტურის ცვეთის, საგზაო შემთხვევებისა და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებასთან“, – ნათქვამია პროექტში.