საქართველოში ახალი სათხილამურო ტერიტორიები და საბაგიროები მოეწყობა 
საქართველოში ახალი სათხილამურო ტერიტორიები და საბაგიროები მოეწყობა 

საქართველოს მთის კურორტებზე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება, რომ საქართველომ შეძლოს, მეტი ტურისტი მოიზიდოს და ღირსეულად უმასპინძლოს ოთხივე სეზონზე, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა.

მისი შეფასებით, ტურიზმის ზრდის ხელშეწყობაში  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი საქართველოს სამთო კურორტებს უჭირავს.

„აქტიურად ვემზადებით 2023 წელს ფრისტაილის ჩემპიონატის ბაკურიანში ჩასატარებლად, ამისთვის გვაქვს ამბიციური გეგმა,  რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია რამდენიმე სპეციფიკური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება,  მათ შორისაა ახალი სათხილამურო ტერიტორიების შექმნა, ახალი საბაგიროების მშენებლობა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები“, – აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

გიორგი ქობულიას ინფორმაციით, ასევე დაგეგმილია გოდერძის კურორტზე გზის რეაბილიტაცია ორივე მხრიდან, ხოლო გუდაურში ახალი პარკინგისა და საბაგიროს მშენებლობა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ  სასტუმრო „რუმსში“ პრეზენტაცია გამართა, სადაც 2018 წელს საქართველოში ტურიზმის სექტორის შემაჯამებელი სტატისტიკა და სამომავლო გეგმები წარადგინა. ღონისძიება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა.