საქართველოში 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადდა
საქართველოში 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
„მინდა, გაცნობოთ, რომ დღეს მთავრობის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ჰოლოკოსტის დღის გამოცხადებასთან დაკავშირებით. 27 იანვარი გამოცხადდა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ. ვფიქრობ, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და ქართველ და ებრაელ ხალხს შორის მრავალსაუკუნოვანი კავშირების გათვალისწინებით, ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საქართველოში ყოველწლიურად პატივს მიაგებდნენ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას, ხოლო გაერო-ს მიერ 2005 წელს დადგენილი 27 იანვრის ოფიციალურ თარიღად დამკვიდრებით საქართველო კიდევ ერთხელ გამოხატავს სოლიდარობას სამყაროს ჰუმანური პრინციპების ერთგულებისადმი.
„საქართველოს მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის გამოხატულებაა და იმადროულად კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად საქართველოს ძალისხმევას რელიგიური და ეთნიკური ნიშნით შეუწყნარებლობის ყოველგვარი გამოხატულების წინააღმდეგ“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.