საქართველოში 21 აპრილიდან წვიმაა მოსალოდნელი
საქართველოში 21 აპრილიდან წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-20 აპრილის თბილი ამინდების ფონზე, საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

ჰაერის ტემპერატურა 18-19 აპრილს დაბლობსა და ბარში 20-25 გრადუსი იქნება, ხოლო 20 აპრილს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 24-29 გრადუსამდე მოიმატებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 21 აპრილიდან მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა ელჭექით, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 12-17 გრადუსამდე დაიკლებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, სააგენტოს ცნობით, თბილისში 18 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 19-21 აპრილს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 18-20 აპრილს 23-25 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 21 აპრილს 17 გრადუსამდე დაიკლებს და დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.