საქართველოსა და უზბეკეთის ჯანდაცვის უწყებებს შორის მემორანდუმები გაფორმდა
საქართველოში უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, შავკატ მირზიოევის ვიზიტის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავების მიზნით სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მემორანდუმს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძემ უზბეკ კოლეგებთან ერთად მოაწერა ხელი.
მინისტრის განცხადებით, ეს შეთანხმებები ორივე ქვეყნისთვის ახალ პერსპექტივებს აჩენს.
„უაღრესად მნიშვნელოვანი თანამშრომლობის დოკუმენტებს მოეწერა ხელი საქართველოსა და უზბეკეთის შესაბამის უწყებებს შორის. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მართლაც არაჩვეულებრივი შესაძლებლობა საქართველოსთვისაც და, იმავდროულად, უზბეკეთისთვისაც, ვინაიდან რეალურად ეს იქნება ერთ-ერთი მძლავრი ფაქტორი ამ სფეროებში ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის და ორივე მხარისთვის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა, რომ სამინისტრო აქტიურად გეგმავს დაწყებული პროცესის გაგრძელებას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში პოზიტიურ შედეგებს მოიტანს.
„ძალიან იმედიანად ვართ განწყობილი ამ მიმართულებით, ეს უნდა აღინიშნოს და ვფიქრობ, რომ ყველასთვის სასარგებლო იქნება ამ ორ კრიტიკულად მნიშვნელოვან სექტორში მუშაობა და თანამშრომლობა. ამის გაგრძელებას, გაღრმავებას, ბუნებრივია, ჩვენი სამინისტრო გეგმავს და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგ შესაძლებლობებს გააჩენს სამომავლოდ ასეთი განვითარებისთვის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
უზბეკეთის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში კვლავ გრძელდება და ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან კიდევ არის დაგეგმილი.