საქართველოსა და უკრაინას შორის ვაჭრობასთან დაკავშირებული სპეციალური კონვენციის განხორციელება იწყება 
საქართველოსა და უკრაინას შორის ვაჭრობასთან დაკავშირებული სპეციალური კონვენციის განხორციელება იწყება 

საქართველო პირველი ქვეყანა იქნება, რომელთანაც უკრაინა პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონულ კონვენციას განახორციელებს. ამის შესახებ უკრაინის სავაჭრო წარმომადგენელმა ნატალია მიკოლსკამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

„ვიწყებთ უკრაინის მთავრობასა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის პროცედურას. ეს ჩვენს ექსპორტს გააფართოებს და მის დივერსიფიცირებას მოახდენს“, – წერს მიკოლსკა.

როგორც მიკოლსკა აღნიშნავს, შესაბამის შეთანხმებას უკრაინულმა მხარემ ქართველ კოლეგებთან მოლაპარაკებების დროს მიაღწია. შესაბამისი ინფორმაცია უკრაინის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეც გამოქვეყნდა.

როგორც უკრაინული მედია წერს, პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის კონვენციის თანახმად, უკრაინაში პროდუქციის წარმოების დროს შესაძლებელი იქნება საქართველოში ნედლეულისა და შემადგენელი ელემენტების შეძენა, ხოლო მზა პროდუქციის ექსპორტი კი კონვენციის მონაწილე სხვა ქვეყნებში. ანალოგიურად, შესაძლებელი იქნება საქართველოში წარმოების დროს უკრაინული მასალების გამოყენება და შემდგომ მზა პროდუქციის ექსპორტი.

უკრაინა პან-ევრო-ხმელთაშუაზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონულ კონვენციის წევრი პირველ თებერვალს გახდა. საქართველო კი მას 2017 წლის მაისში შეუერთდა. კონვენციის მონაწილე ქვეყნებს ერთმანეთის ნედლეულისა და მასალების გამოყენება შეუძლიათ, საქონლის წარმომავლობის პრეფერენციული სტატუსის დაკარგვის გარეშე.