საქართველოსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
საქართველოსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა თურქმენეთის ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ რაშიდ მერედოვთან. შეხვედრა ბუქარესტში მიმდინარე საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქმენეთისა და რუმინეთის ოთხმხრივი მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით ზალკალიანმა და რაშიდ მერედოვმა მაღალი შეფასება მისცეს თურქმენეთსა და საქართველოს შორის ბოლო პერიოდში გააქტიურებულ ურთიერთობებს, რაც გამოიხატა ორი ქვეყნის ჩართულობაში სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში. ასევე აღინიშნა მაღალი დონის შეხვედრების მზარდი დინამიკა და წარმატებული თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. შეხვედრის ფარგლებში მინისტრებმა ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის 2019-2021 წლების თანამშრომლობის სამოქმედო გეგმას, რაც მათი შეფასებით, დამატებით ბიძგს მისცემს ურთიერთობების გააქტიურებას.

„შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის თანამშრომლობისა და ჩართულობის მნიშვნელობას საერთაშორისო სატრანზიტო და ენერგეტიკულ პროექტებში. ამ მხრივ, მაღალი შეფასება მიეცა რუმინეთში მიმდინარე მინისტერიალს, რომლის ფარგლებში გაფორმდება ბუქარესტის დეკლარაცია, რაც ხელს შეუწყობს კასპიის ზღვისა და შავი ზღვის სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებას.

სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბრისას მინისტრებმა გამოხატეს ინტერესი ორი ქვეყნის კერძო სექტორისა და ბიზნესწრეების დაახლოებისადმი. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებები აქტიურად ჩაერთვებიან ასევე ტრანსპორტის სფეროს საკითხებზე თანამშრომლობის შესაბამისი ფორმატების ინიცირებაში“, – აღნიშნავენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების განხორციელებას.

დავით ზალკალიანი რუმინეთში სამუშაო ვიზიტით მიმდინარე წლის 3-4 მარტს იმყოფება და ოთხმხრივ მინისტერიალში მონაწილეობს.