საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლაზე შეთანხმება გაფორმდება
საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლაზე შეთანხმება გაფორმდება

საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს გავლით სატრანზიტო გადაზიდვების განხორციელებაზე ტაჯიკური მხარის დაინტერესების შესახებ ტაჯიკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.  შეხვედრებში საქართველოს მხრიდან ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, აკაკი საღირაშვილი, სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის და სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს“ წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ტაჯიკეთის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლების ინფორმაციით, ტაჯიკური მხარე დაინტერესებულია საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებით, რისთვისაც მნიშვნელოვანია სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესება. ასევე, ინტერესია, ტაჯიკეთმა მომავალში უფრო აქტიურად გამოიყენოს საქართველოს სატრანსპორტო შესაძლებლობები, მათ შორის საქართველოს ნავსადგურები.

დელეგაციის წევრებმა ვიზიტის ფარგლებში თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონა დაათვალიერეს და საბაჟო მიმართულებით საქართველოს გამოცდილების გაზიარებით დაინტერესდნენ.

ამასთან, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც მოლაპარაკებები გაიმართა, „საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების“ პროექტი იყო.  შეხვედრის ფარგლებში პროექტის ტექსტი შეთანხმდა და მხარეთა დელეგაციების ხელმძღვანელებმა მისი პარაფირება განახორციელეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაფორმდა ოქმი, რომელშიც დაფიქსირდა, რომ მხარეები მოკლე ვადაში განახორციელებენ შეთანხმების პროექტის ხელმოწერისთვის აუცილებელ შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს.

როგორც შეხვედრაზე აღნიშნა, შეთანხმების გაფორმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკას შორის სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების მოცულობების გაზრდისა და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.

შეთანხმების პროექტით განსაზღვრულია სატვირთო გადაზიდვების განხორციელება ორმხრივ, სატრანზიტო ან მესამე ქვეყნებში/ქვეყნებიდან  კვოტირებული ნებართვების საფუძველზე, რომელთა რაოდენობასაც მხარეები შეთანხმების საფუძველზე განსაზღვრავენ. შეთანხმება ასევე ხელშემკვრელ მხარეებს შორის საავტომობილო გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების დარეგულირებას ითვალისწინებს.