საქართველოსა და ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
საქართველოსა და ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

ტაილანდის სამეფოს დედაქალაქ ბანგკოკში საქართველოს და ტაილანდის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, მინისტრის მოადგილეების დონეზე ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების რიგით მე-2 რაუნდი გაიმართა.

საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ხოლო ტაილანდის მხრიდან – ტაილანდის სამეფოს საგარეო საქმეთა ვიცე მინისტრი, ვიჯავატ ისარაბჰაკი. კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს შორის როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის ყველა აქტუალური საკითხი.

მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გააქტიურებაზე. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე ორმხრივი და მრავალმხრივი დღის წესრიგის საკითხებთან მიმართებაში.

კონსულტაციებზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას ტურიზმის, კულტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ასევე განათლების სფეროებში, განსაკუთრებულად კი ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების აუცილებლობას ყველა შესაძლო მიმართულებით და ქვეყნებს შორის არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას, მათ შორის, ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას. კონსულტაციებზე აღინიშნა, რომ დაისახა დადებითი ტენდენციები საპარლამენტო თანამშრომლობის მიმართულებით, რაც გამოიხატება ორი ქვეყნის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის დაწყებულ კონტაქტებში.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას ხელს შეუწყობს სამართლებრივი ბაზის შემდგომი სრულყოფა. ამ მხრივ, ხაზგასმით აღინიშნა მიმდინარე კონსულტაციებზე ორი შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობა. კონსულტაციების ფარგლებში ხელი მოეწერა შემდეგ მემორანდუმებს: ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს დევავანგსე ვაროპაკარნის ინსტიტუტსა და საქართველოს საგარეო საქმეთა ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს; ტაილანდის კომერციის და სავაჭრო საბჭოს პალატასა და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს. ორმხრივ კონსულტაციებზე, ასევე, ფართოდ იქნა განხილული მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, მომდინარე საფრთხეები და გამოწვევები.

საქართველოს მხარემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კოლეგებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. თავის მხრივ, ტაილანდის სამეფოს დელეგაციის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ტაილანდის მთავრობის ურყევი პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართ. ქართულმა დელეგაციამ ტაილანდში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში (22-24 თებერვალი) გამართა გაცნობითი შეხვედრა სარავუტ ფეტპანომპომთან, ტაილანდის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან.

აღინიშნა, რომ 2022 წლის ნოემბერში საქართველოს პარლამენტში შექმნილი ტაილანდის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის წარმატებული ვიზიტი, მისი თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის ხელმძღვანელობით, ხელს შეუწყობს საქართველოსა და ტაილანდს შორის საპარლამენტო დიპლომატიის განვითარებას, რაც ორი ქვეყნის თანამშრომლობის გააქტიურებისთვის მნიშვნელოვანი იმპულსი იქნება. გაცნობითი შეხვედრა გამართა ტაილანდის სამეფოს ტურიზმისა და სპორტის ვიცე-მინისტრთან,  ნაპინტომ სრისუნპანგთან.

შეხვედრაზე განხილული იყო ტურიზმის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურების შესაძლებლობები და გზები, მათ შორის აღნიშნულ სფეროში ტაილანდის მხრიდან გამოცდილების გაზიარებისა და ინვესტიციების განხორციელების საშუალებით.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ შეხვედრა გამართა ტაილანდის სამეფოს კომერციის და სავაჭრო საბჭოს თავმჯდომარესთან, სანან ანგუბოლკულთან.

აღინიშნა საქართველოსა და ტაილანდის სავაჭრო სამრეწველო პალატებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობა, ხაზი გაესვა ასევე ორი ქვეყნის ბიზნესწრეებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების ყველა შესაძლო პერსპექტივას და შესაბამისი ინფორმაციის მუდმივად ურთიერთგაცვლის საჭიროებას, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პალატებს შორის კონსულტაციების ფარგლებში ხელმოწერილი მემორანდუმი.

საქართველოს დელეგაციამ გამართა შეხვედრა გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან და აზიისა და წყნარი ოკეანეთისთვის გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) აღმასრულებელ მდივანთან, არმიდა სალსია ალისჯაბჰანასთან. საუბარი გაიმართა საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძოდ, გაერო-ს ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურების პერსპექტივებზე.