საქართველოსა და სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროსა და არბაითერ-სამარიტერ-ბუნდს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

„ერთად შევძლებთ – თანამშრომლობა გადაუდებელი სიტუაციებისას საქართველოსა და სომხეთს შორის“ – პროექტის ძირითადი მიზანი კატასტროფის რისკის მართვის სისტემის გაუმჯობესება, შესაძლებლობების განვითარების და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის მექანიზმების შექმნაა.

შეთანხმება ხელს შეუწყობს საზღვრისპირა თანამშრომლობასა და კოორდინაციას სომხეთისა და საქართველოს EMT–ებს შორის კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების დროს და შეიმუშავებს ტრანსსასაზღვრო პრევენციის, მზადყოფნისა და მათზე რეაგირების მექანიზმებს.

მინისტრის მოადგილის გიორგი წოწკოლაურის განცხადებით, პროექტი მნიშვნელოვანია მთლიანი რეგიონისთვის, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში.

„ვფიქრობ, რეგიონისთვის უდიდესი მნიშვნელობის პროექტი დაიწყო. საყოველთაო პანდემიამ და გახშირებულმა ბუნებრივმა კატასტროფებმა დაგვანახა, რომ ქვეყნების მზაობა კატასტროფების მიმართ ხდება უფრო და უფრო მნიშვნელოვანი. ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ჩვენს სომეხ კოლეგებთან ერთად შევძლებთ ეფექტური მექანიზმების შექმნას კატასტროფებზე ერთობლივი რეაგირებისთვის“, – განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა.

პირველად, საქართველოსა და სომხეთში ჩამოყალიბდება გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფები, რომლებიც უზრუნველყოფილი იქნებიან ყველა საჭირო რესურსით. ქართული და სომხური გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აკრედიტაციას გაივლიან და საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების შედეგად დაზარალებულ პირთათვის დახმარებას უზრუნველყოფენ.

სამინისტრო მემორანდუმით მისთვის განსაზღვრულ უფლებამოსილებებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მეშვეობით განახორციელებს.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის, ალექსანდრე კალანდიას განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აკრედიტაციის შედეგად გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

„პროექტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა საქართველოსა და სომხეთში, ჯანმოს აკრედიტაციის შედეგად გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, რომლებიც უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველა საჭირო რესურსით და ექნებათ მზაობა და კომპეტენცია მოახდინონ გადაუდებელ სიტუაციებზე ეფექტური რეაგირება. აღნიშნული ჯგუფის შექმნა კიდევ უფრო აქტუალურია დღეს – გლობალური პანდემიის პირობებში”, – განაცხდა ალექსანდრე კალანდიამ.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლენა ნანუშიანმა და საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის დირექტორი დიმიტრიე ტოდოროვიჩდა მოაწერეს.

ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი