საქართველოსა და სერბეთს შორის ევროინტეგრაციის საკითხებზე ორმხრივი დიალოგი გაიმართა
საქართველოსა და სერბეთს შორის ევროინტეგრაციის საკითხებზე ორმხრივი დიალოგი გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსა და სერბეთს შორის ევროინტეგრაციის საკითხებზე ორმხრივი დიალოგის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

სერბეთის დელეგაციას ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში სერბეთის მთავარი მომლაპარაკებელი ტანია მიშჩევიჩი ხელმძღვანელობდა, ხოლო საქართველოს მხრიდან  დელეგაციას მასპინძლობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ევროინტეგრაციის საკითხებზე, საქართველოსა და სერბეთს შორის დიალოგის ფარგლებში, სერბეთი – ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, ქართულ მხარეს უზიარებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაგროვილ გამოცდილებას, რაც თავის მხრივ, ეხმარება საქართველოს სწორად დაგეგმოს სამომავლო ნაბიჯები და კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მთელი რიგი საკითხები, მათ შორის: ევროინტეგრაციის პროცესის რეფორმების კოორდინაცია და ევროკავშირის დახმარების იმპლემენტაციის ხელშეწყობა; უვიზო მიმოსვლის რეჟიმი და მასთან დაკავშირებული გამოწვევები; ევროკავშირში ექსპორტი და ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმების ჩარჩოში არსებული შესაძლებლობები; ევროკავშირთან თანამშრომლობა განათლებისა და კულტურის, ასევე ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის სფეროებში.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ სერბეთსა და საქართველოს შორის დიალოგს რეგულარულ ხასიათი ექნება და შეხვედრები გაიმართება როგორც საქართველოში, ასევე სერბეთში.

საქართველოში სერბეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა ევროინტეგრაციის საკითხებზე, ანალიტიკური ცენტრების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, დამოუკიდებელ ექსპერტებთან და ანალიტიკოსებთან.