საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების ორმხრივი ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი გაიმართა
საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების ორმხრივი ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი გაიმართა

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების ორმხრივი ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი გაიმართა. საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ხელმძღვანელობდა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ განაცხადა, შეთანხმების ამოქმედება ხელს შეუწყობს ეკონომიკურ თანამშრომლობას კორეის რესპუბლიკის მხარესთან და წაახალისებს ინვესტიციებს ქვეყნებს შორის.

„კორეის რესპუბლიკა ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინვესტორი ქვეყანაა, რომელთანაც ინვესტიციების მოზიდვის მხრივ უდიდესი პოტენციალი არსებობს. საქართველოსა და კორეას შორის საინვესტიციო შეთანხმების გაფორმება მნიშვნელოვანი სამართლებრივი საფუძველი, აგრეთვე მკაფიო გზავნილი და დამატებითი სტიმულია კორეელი ინვესტორებისათვის სამომავლოდ ინვესტიციების განსახორციელებლად ქვეყნის შერჩევისა და კორეიდან საქართველოში ინვესტიციების წახალისებისთვის“, – აღნიშნა გენადი არველაძემ.

მომლაპარაკებელთა ჯგუფში საქართველოს მხრიდან მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, იუსტიციის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. შეთანხმების პროექტის დებულებები მოიცავს ინვესტიციებისა და ინვესტორების დაცვის მექანიზმებს, მხარეთა შორის დავის წამოჭრის შემთხვევაში მათი გადაჭრის გზებს, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მხარეთა შორის საინვესტიციო საქმიანობის განვითარებისათვის და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისათვის. მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი კორეის რესპუბლიკაში გაიმართება.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.