საქართველოსა და გერმანიის მთავრობებს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც საქართველოსთვის 252,7 მლნ ევროს ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს
საქართველოსა და გერმანიის მთავრობებს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც საქართველოსთვის 252,7 მლნ ევროს ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა, ჰაიკე ფაიჩმა საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტი  ჩარჩო შეთანხმებას წარმოადგენს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის 252,7 მილიონი ევროს (230 მილიონი ევრო სესხის და 22,7 მილიონი ევრო გრანტის სახით) ოდენობის ფინანსურ მხარდაჭერას ისეთი მიმართულებებისთვის როგორიცაა –  ენერგეტიკა, წყალმომარაგება, ნარჩენების მართვა, კომუნალური ინფრასტრუქტურა, პროფესიული განათლება, იძულებით გადაადგილებულ პირთა ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და ენერგოეფექტურობის კუთხით ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება.

ფინანსთა მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის, რომელსაც გერმანიის მთავრობა უწევს საქართველოს მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსების, ასევე ევროპასთან ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. მხარეებმა  არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. აღინიშნა ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროექტები და ასევე ენერგოეფექტურობის კუთხით დაგეგმილი ღონისძიებები.

ხელმოწერის ცერემონიას  გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) თბილისის ოფისის დირექტორი კლაუს ფეიგელი და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დირექტორი როლანდ შტურერი დაესწრო.