საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მეხუთე შეხვედრა გაიმართება
საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მეხუთე შეხვედრა გაიმართება

საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მეხუთე შეხვედრა დღეს თბილისში გაიმართება, რომელსაც საქართველოს მხრიდან უხელმძღვანელებს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გაერთიანებული სამეფოს მხრიდან კი – გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი ევროპისა და ამერიკის საკითხებში სერ ალან დანკანი.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ დაწყებამდე, გაიმართება მინისტრების ორმხრივი შეხვედრა, რის შემდეგაც დავით ზალკალიანი და სერ ალან დანკანი გახსნიან უორდროპის სტრატეგიული დიალოგის პლენარულ სესიას. გახსნის ცერემონიის შემდეგ, გაიმართება მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.

„უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ ფარგლებში, გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს მთავრობას შორის, გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმს კიბერუსაფრთხოების საკითხებზე. დოკუმენტს ხელს მოაწერენ დავით ზალკალიანი და სერ ალან დანკანი.

ასევე, „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ბრიტანულ ბიბლიოთეკას შორის ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელსაც ხელს მოაწერენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე, ხოლო გაერთიანებული სამეფოს მხრიდან კი- დიდი ბრიტანეთის კოლექციების ხელმძღვანელი კრისტიან იენსენი.

„უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მაღალი დონის ფორმატია. დიალოგის მეხუთე შეხვედრის ფარგლებში გაიმართება თემატური ჯგუფების შეხვედრები თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის და ვაჭრობის, ასევე კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობების საკითხებზე. „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მე- 5 შეხვედრაზე მხარეები ასევე მიიღებენ ერთობლივ დეკლარაციას.

თბილისში ვიზიტის ფარგლებში, სერ ალან დანკანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან. ასევე, სერ ალან დანკანი გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს და პატივს მიაგებს მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული ბრიტანელების ხსოვნას მეომრების სასაფლაოზე.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.