საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას შორის სავაჭრო შეთანხმება დღეიდან სრულად ამოქმედდება
საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას შორის სავაჭრო შეთანხმება დღეიდან სრულად ამოქმედდება

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) ყველა წევრ-სახელმწიფოს შორის დღეიდან ამოქმედდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ნორვეგიასა და ისლანდიას, რომლებთანაც აღნიშნული შეთანხმება 2017 წლის პირველი სექტემბრიდან მოქმედებს, ასოციაციის ორი წევრი ქვეყანა – შვეიცარიის კონფედერაცია და ლიხტენშტეინის სამთავრო შეემატება.

„საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ სახელმწიფოებს (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება შესაძლებლობას იძლევა, საქართველოში წარმოებული პროდუქტების და სერვისების დიდი ნაწილი სატარიფო ბარიერების გარეშე განთავსდეს 14-მილიონიან, მაღალ მსყიდველობითი უნარის მქონე სამომხმარებლო ბაზრებზე“, – აცხადებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

შეთანხმება მოიცავს შემდეგ საკითხებს: საქონლით ვაჭრობა; მომსახურებით ვაჭრობა; სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები; ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერები; წარმოშობის წესები, ვაჭრობის ხელშეწყობა და თანამშრომლობა საბაჟო საკითხებში; ინტელექტუალური საკუთრება; სახელმწიფო შესყიდვები; კონკურენცია; ვაჭრობაში დაცვითი ზომები და მდგრად განვითარება.

საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2016 წლის 27 ივნისს შვეიცარიის კონფედერაციის ქალაქ ბერნში, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის მინისტერიალის ფარგლებში.

„აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, EFTA-ს ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასასრულებლად გათვალისწინებული იყო ოთხი რაუნდი, თუმცა მხარეებს შორის ეფექტური და ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, აღნიშნული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა სამ რაუნდში.

დეტალური ინფორმაცია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ შეგიძლიათ, იხილოთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე“, – ნათქვამია  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.