საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის მერვე შეხვედრა გაიმართა
9-10 დეკემბერს საქართველოს თავმჯდომარეობით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის მერვე შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ DCFTA-ს განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო უწყებებისა და ევროკომისიის შესაბამისი დირექტორატების წარმომადგენლები. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, კომიტეტის შეხვედრაზე ქართულ მხარეს ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო ევროკავშირის მხარეს – ევროკომისიის ვაჭრობის გენერალური დირექტორატის ევროპისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს განყოფილების უფროსი იგნასიო ირუარიზაგა დიეზი. კომიტეტის სხდომის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის ტენდენციები, საჯარო შესყიდვების, კონკურენციის, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების, საბაჟოსა და ვაჭრობის ხელშეწყობის, მომსახურებით ვაჭრობისა და სხვა სფეროებში DCFTA-ის განხორციელების მხრივ საქართველოს პროგრესი.
შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური სიძლიერე, რომელშიც ვაჭრობა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. DCFTA-ით საქართველოს საკმაოდ ამბიციური ვალდებულებები აქვს აღებული და დიდი ძალისხმევაა მიმართული მათი განხორციელების მიმართულებით. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ამ გზაზე და თავისმხრივ ახორციელებს ინვესტიციებს სხვადასხვა დახმარების პროგრამებით. ევროკომისიამ შეხვედრაზე კვლავ გაუსვა ხაზი, რომ ევროკავშირი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად რჩება.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა უახლოეს პერიოდში მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე, როგორიცაა საქართველო-ევროკავშირი-თურქეთს შორის დიაგონალური კუმულაციის ძალაში შესვლა; სახელმწიფო შესყიდვების სფეროში DCFTA-ით გათვალისწინებული დაახლოების პროცესის პირველი ფაზის დასრულების მიზნით განხორციელებული რეფორმების ევროკავშირის მიერ დადებითად შეფასება; ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისთვის ევროკავშირის ბაზრის გახსნის მიმართულებით სამუშაოები და სხვა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირი პოზიტიურად გამოეხმაურა საქართველოს მიერ DCFTA-ით გათვალისწინებული საკანონმდებლო დაახლოების მიმართულებით საქართველოს პროგრესს სანიტარიული და ფიტოსანიტარიულ, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების, საბაჟო და სახელმწიფო შესყიდვების სფეროებში. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საერთო ჯამში, საქართველოს კანონმდებლობა უკვე დაახლოებულია 2027 წლისთვის DCFTA-ით გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტების ნახევარზე მეტთან. შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია საბაჟო სფეროში დაახლოებული კანონმდებლობის აღსრულების პროგრესთან დაკავშირებით. ქართულმა მხარემ აღნიშნა ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების (AEO) პროგრამის მნიშვნელობა და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი სამუშაოები AEO-ების ორმხრივი აღიარების შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების მიზნით უახლოეს მომავალში გამოიღებს შედეგს.
ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტი არის ასოცირების შეთანხმების, DCFTA-ს განხორციელების მმართველი ორგანო, რომელიც, შეთანხმების თანახმად, იკრიბება წელიწადში ერთხელ, მორიგეობით – თბილისსა და ბრიუსელში. მიუხედავად ამისა, COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, შეხვედრა ბოლო ორი წელია, ონლაინ რეჟიმში იმართება.