საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოლა დიმიტროვმა.

როგორც მხარეებმა ხელმოწერის ცერემონიისას აღნიშნეს, მემორანდუმი ხელს შეუწყობს ორი უწყების მჭიდრო თანამშრომლობას, რაც თავის მხრივ, მოემსახურება ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობა მიმდინარე წელს დამყარდა.

უწყების ცნობით, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მაღალ პოტენციალს და გამოთქვეს მზადყოფნა რომ აქტიურად იმუშაონ ამ მიმართულებით. განსაკუთრებით მაღალია ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის მიმართულებით ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები.