საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დღეს დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავი აღინიშნება
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დღეს დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავი აღინიშნება

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლის იუბილე დღეს თბილისში, საზეიმო მიღებითა და კონცერტით აღინიშნება.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობაა ჩამოყალიბებული.

ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მოიცავს თითქმის ყველა სფეროს – პოლიტიკურს, ეკონომიკურს, ჰუმანიტარულსა და კულტურულს.

პოლიტიკურ სფეროში თანამშრომლობის საფუძველია ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურთიერთცნობა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში, ასევე, მჭიდრო თანამშრომლობა და ურთიერთმხარდაჭერა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

აზერბაიჯანს განსაკუთრებული როლი აქვს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

ენერგეტიკა წარმოადგენს ორი ქვეყნის თანამშრომლობის უმთავრეს მიმართულებას.

ამასთან, აზერბაიჯანი საქართველოსთვის ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორია.

ორივე ქვეყანაში ფართოდ არის წარმოდგენილი ისტორიული დიასპორა.

აზერბაიჯანული ეთნოსის საქართველოს მოქალაქეები კომპაქტურად არიან დასახლებულნი ძირითადად ქვემო ქართლის რეგიონში, ხოლო ქართული წარმოშობის აზერბაიჯანის მოქალაქეები ძირითადად აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში – კახის, ზაქათალისა და ბელაქანის რაიონებში ცხოვრობენ.

ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დამყარდა.

დატოვე კომენტარი