თბილისში საქართველოსა და აზერბაიჯანის უნივერსიტეტების რექტორთა პირველი კონფერენცია გაიმართა

10:48, 17.11.2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს ორგანიზებით, საქართველო–აზერბაიჯანის რექტორთა კონფერენცია გაიმართა.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, მასშტაბურმა ღონისძიებამ, რომელიც პირველად ჩატარდა, ორი ქვეყნის განათლების სფეროს წარმომადგენლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები საერთო აკადემიურ პლატფორმაზე გააერთიანა.

კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ. მან ისაუბრა ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის გაღრმავებისა და ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განვითარების პერსპექტივებზე.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილე იდრის ისაევმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ფაიგ გულიევმა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ დავით გურგენიძემ.

სესიის ფარგლებში ზვიად გაბისონიამ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ულქარ სატაროვამ საქართველოსა და აზერბაიჯანის უმაღლესი განათლების სისტემები და მიმდინარე რეფორმები მიმოიხილეს.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ორი თემატური პანელური დისკუსია, რომელშიც საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები მონაწილეობდნენ. განხილვის მთავარი თემები იყო ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები, კვლევა და ინოვაციები, აკადემიური მობილობა, უნივერსიტეტებისა და ინდუსტრიის თანამშრომლობა, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია და მომავლის მოთხოვნებზე ორიენტირებული უნარების განვითარება.

კონფერენცია კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა, სადაც მონაწილეებმა დამატებით იმსჯელეს განხილულ საკითხებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

კონფერენციის დასასრულს საქართველოსა და აზერბაიჯანის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი აზერბაიჯანის 8 და საქართველოს 16 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორებმა მოაწერეს.

კონფერენციას ესწრებოდნენ პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, ასევე საქართველოსა და აზერბაიჯანის უნივერსიტეტებისა და განათლების სამინისტროების წარმომადგენლები.

კონფერენცია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის უმაღლესი განათლების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებასა და უნივერსიტეტებს შორის ახალი ინსტიტუციური პარტნიორობის ხელშეწყობას ემსახურება.

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი